25 მარტიდან 65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება
65 წელს ზევით ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა..
მისივე თქმით, 65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებს ვაქცინაცია 25 მარტიდან შეეძლებათ.
„დღეს დილიდან შეიკრიბა საბჭო სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე სამსჯელოდ. პირველი მთავარი ინფორმაცია, რაც არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც „ასტრაზენეკა“ აღიარა, როგორც უსაფრთხო ვაქცინა და შესაბამისად, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეუფერხებლად გაგრძელდება. გამომდინარე აქედან, საბჭომ ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი იყო გვემსჯელა, თუ რა იქნებოდა საქართველოში შემდგომი ტაქტიკა ჯგუფებთან მიმართებით და ასევე, ლოკაციებთან მიმართებით. აქ ჩვენ გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი, 75 წელზე და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს ჯგუფებია ის მოწყვლადი ჯგუფები, ვისთვისაც კოვიდინფექცია არის ყველაზე საშიში ინფექცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა,“- განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხვალ იმერეთს ეწვევიან.
ავტორი: ნიუპრესი