ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის განსხვავებული სანქციები დაწესდება და ის მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობაზე იქნება დამოკიდებული.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში:
- თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილეა, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.
- თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
კანონპროექტის თანახმად, მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. ნაცვლად 600 ლარისა.
500 ლარით დაჯარიმდება მოპედის ნძღოლი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის შენთხვევაში.