აგვისტო 14, 2021

ქუთაისის “ტორპედო” აუქციონზე იყიდება

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბი ტორპედო აუქციონზე გამოიტანა. არსებული ინფორმაციით, კლუბის მიმართ ინტერესი ორ კომპანიას აქვს. ესაა: „ნიუ ვიჟენი“ , რომლის წარმომადგენელი დავით კერესელიძეა და აიეტ კუკავა “ალიანს ჯგუფით”.

აუქციონის პირობებით, ახალ მფლობელს კლუბთან მიმართებაში მთელი რიგი ვალდებულებები ექნება:

კლუბის განვითარებისათვის, ყოველწლიურად განახორციელოს მინიმუმ 1.000.000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებისა. საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირების (წელიწადში 100-200 ბავშვზე) უზრუნველყოფა, ასევე, კლუბის ვალდებულებების დაფარვა 3.000.000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში.

აუქციონის პირობაა, რომ არ შეცვალოს შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) სპორტული პროფილი „ფეხბურთი“ და სახელწოდება. მოზიდული ინვესტიციის 10% გამოიყენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, თუ აღნიშნული არ შეეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილი საკუთრებაში უბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ, ვალდებულებას იღებს მყიდველს ხელი შეუწყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში საფეხბურთო ბაზას გადასცემს.