|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3 მთავარი შეცდომა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას

აზიური ფაროსანა ქართველი ფერმერებისთვის უკვე კარგად ნაცნობი მავნებელია. 2015 წლიდან მწერმა სხვადასხვა კულტურა დააზიანა.  მავნებლის ,,კბილი“ განსაკუთრებით იმ გლეხებმა იგრძნეს, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს თხილი, სიმინდი და ციტრუსოვანი კულტურა წარმოადგენდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ სახელმწიფო გეგმას ანხორციელებს, მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წელი მავნებელთან ბრძოლაში წარმატებული იყო - აზიური ფაროსანას რაოდენობა შემცირებულია და არც მისი მოქმედების არეალი გაფართოებულა. მწერი კვლავ მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია აქტიური.

მიუხედავად ამისა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, პროცესი გაცილებით ეფექტური იქნებოდა. უწყების მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ფერმერების მიერ დაშვებულ 3 ძირითად შეცდომაზე გვესაუბრება.

უნდობლობა პრეპარატების მიმართ

ნიკა მესხის თქმით, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და მისი გამოყენება სახიფათოა. სპეციალისტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პრეპარატებში შემავალი მოქმედი ნივთიერებები სხვადასხვა მავნებლის საწინააღმდეგოდ საქართველოში 2000 წლიდან გამოიყენება, კონკრეტული ქიმიური საშუალება და სტრატეგია უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით შეირჩა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით ხასიათდება.

,,სახელმწიფომ მავნებლის საწინააღმდეგო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 230 000 ლიტრი ბიფეტრინის შემცველი პრეპარატი საერთაშორისო ექსპერტების რჩევებისა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძინა. ახლა უკვე საკუთარი დაკვირვებითაც და შედეგებითაც შეგვიძლია იგივეს თქმა - პრეპარატი მნიშვნელოვნად იცავს მოსავალს მავნებლისგან. სამწუხაროა, რომ ფერმერთა ნაწილი კვლავ მცდარი ინფორმაციის გავლენის ქვეშ არის, თავს არიდებს პრეპარატის გამოყენებას და შესაბამისად, მავნებლისგან დაუცველს ტოვებს მოსავალს“, - ამბობს მესხი.

იგი ფერმერებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ შეწამვლით ღონისძიებებში და აქვე  პროცესისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს ახსენებს. სპეციალისტის თქმით, წამლობა დილის და საღამოს საათებში უნდა ჩატარდეს, დაუშვებელია მცენარეთა დამუშავება მაღალი ტემპერატურის ქარიან და წვიმიან ამინდში.

არაკომპლექსული მიდგომა წამლობისას

ნიკა მესხი იხსენებს შემთხვევებს, როდესაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ფერმერებმა კულტურები შეწამლეს, თუმცა მოსავალი მაინც გაუფუჭდათ. სპეციალისტი განმარტავს, რომ მცენარეები სხვადასხვა სოკოვანმა თუ ბაქტერიულმა დაავადებებმაც დააზიანა, ამიტომ დანაკარგის თავიდან ასაცილებლად კომპლექსული მიდგომაა საჭირო.

,,თუ ჩვენ მხოლოდ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩავატარებთ წამლობას, გვრჩება აქტიური სხვადასხვა დაავადებები, რასაც ისევ მცენარის დაზიანებამდე მივყავართ. მცენარეთა დაცვა ინტეგრირებული უნდა იყოს“, - განმარტავს სეს-ის წარმომადგენელი.

მესხი ფერმერებს მოუწოდებს წამლობის პერიოდულობის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებისგან მიიღონ, პრეპარატები და მცენარის კვებისთვის საჭირო სასუქები კი სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძინონ, სადაც ქიმიკატების შენახვის პირობები სრულადაა დაცული, აგრეთვე ფერმერები ყურადღებით გაეცნონ პრეპარატების მოხმარების წესებს და დაიცვან პირადი უსაფრთხოება.

ფერმერების არასაკმარისი ჩართულობა

ნიკა მესხი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან პრობლემად ფერმერთა ნაწილის პასიურობას ასახელებს. სპეციალისტის განმარტებით, პროცესში თითოეული მათგანის მონაწილეობა გადამწყვეტია, მოსახლეობის ნაწილი კი საკუთარ როლს ვერ აცნობიერებს.

,,მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გაწეული მასშტაბური სამუშაოებისა, სასურველ შედეგამდე ფერმერების ჩართულობის გარეშე ვერ მივალთ. ქვეყნებში, რომლებმაც მავნებელთა გამკლავება წარმატებით მოახერხეს, მოქალაქეების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო“, - აცხადებს მესხი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ფერმერებმა აზიური ფაროსანას საწინააღდეგო ღონისძიებები, სახელმწიფოსთან ერთად, თანმიმდევრულად, უწყვეტ რეჟიმში უნდა ჩაატარონ.

 

 

 

 

                                                                                                               

 

ავტორი: ეკატერინე მამამთავრიშვილი