„ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“, – ამ სტატუსის დაწერიდან 4 საათის შემდეგ ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა მირიან ბერულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიცია მასთანაც მივიდა. – „მეც მომადგნენ, გამოკითხვაზე უნდა გადაგიყვანოთო”, – დაწერა მან ფბ-გვერდზე, რის შემდეგაც მისი კვალი გაუჩინარდა. ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები მის ადგილსამყოფელს ამ დრომდე ეძებენ.
„ინფო იმერეთის“ ცნობით, ის დაკავებულია. მას გამოძიება, 173-ე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.