March 9, 2025

ევროკავშირში შესვლა -გამოსვლის შეცვლილი წესების ამოქმედება გადაიდო

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს EU-ში შესვლა/გასვლის სისტემის – EES-ის დანერგვის განახლებულ ვადებს. ავტორიზაციის სისტემის ამოქმედება 2025 წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად განხორციელდება. ახალი სისტემის დანერგვა გასული წლის იანვარში უნდა მომხდარიყო, თუმცა ევროპის რამდენიმე ქვეყანას ცვლილებების დანერგვისთვის საჭირო კომპიუტერული სისტემა მზად არ აღმოაჩნდათ

ავტორიზაციის სისტემის ამოქმედებასთან ერთად ევროკავშირის ბიომეტრიული მონაცემთა ბაზა (Eurodac რომელიც აადვილებს თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციას) განახლდება. კერძოდ, ევროპული მოგზაურობისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2026 წლის ბოლო კვარტალში არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, EES (Entry/Exit System) არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარზე უკანონო მიგრაციისა და უვიზო რეჟიმის რეგულაციების დარღვევის პრევენციას, ასევე, უსაფრთხოების და საზღვრის კონტროლის გაუმჯობესებას.

EES-ის მიზანია ხანმოკლე ვიზიტით ევროკავშირში შემოსავალი მოქალაქეების (მათ შორის მათიც, ვინც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, ან ვიზა სჭირდება) შესვლის, გამოსვლის და დარჩენის დროის ავტომატური აღრიცხვა და თვალყურის დევნა. ახალი რეგულაციები შეეხება საქართველოსაც.