შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“სამართლიანი არჩევნები” – 62 საარჩევნო ოლქში კანდიდატურები 385-მა კანდიდატმა მოხსნა

10 ივნისი, 2014 • დეა მანაგაძე • 27

“სამართლიანი არჩევნები” – 62 საარჩევნო ოლქში კანდიდატურები 385-მა კანდიდატმა მოხსნა

მნიშვნელოვან ტენდენციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა წარმოადგენდა.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. ანგარიში საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქს და 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, ამ პერიოდში მნიშვნელოვან ტენდენციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა წარმოადგენდა.

ანგარიშის მიხედვით, 1 ივნისის მონაცემებით, 62 საარჩევნო ოლქში კანდიდატურები მოხსნა 385-მა კანდიდატმა. 6 ოპოზიციური პარტიის ორმოცდაათამდე კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა სავარაუდო ზეწოლის შედეგად.

“ანგარიშში, ასევე, მოხვდა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მიზნით ზეწოლა-მუქარის 1 ფაქტი, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი,” -ამბობს “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია.

ანგარიშში მოხვდა პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის 1 ფაქტი, როდესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, დაფიქსირდა კოალიცია “ქართულ ოცნებასა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა თუ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირების 4 ფაქტი.

“სამართლიანი არჩევნების” კოორდინატორების მიერ დააფიქსირებულია ჰომოფობიური განცხადების 3 შემთხვევა , 2 “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატების, ხოლო 1 ბლოკი “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” მხრიდან.

არასამთავრო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადებებით ხდება სიძულვილის გაღვივება საზოგადოებაში, რაც მათ დაუშვებლად და საგანგაშოდ მიაჩნიათ.

“სამართლიანი არჩევნების” კოორდინატორები 2014 წლის 12 მაისიდან 1 ივნისამდე საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 1181 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ, მათ შორის კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” გამართა 586 შეხვედრა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” – 271, “ნინო ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ” – 128; “არასაპარლამენტო ოპოზიციამ” (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) – 46; “საქართველოს ლეიბორისტული პარტიამ” – 36; “საქართველოს გზამ”- 29; “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა”- 28; “თვითმმართველობა ხალხს” – 9; “ხალხის პარტიამ” – 6; “მწვანეთა პარტია” – 5; ირაკლი ოქრუაშვილი – ქართული პარტია 5.

თეგები: არჩევნებისამართლიანი არჩევნებიშუალედური ანგარიში