იმერეთის რეგიონში, ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყო.
„შესაბამისი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სატყეო სამსახურების გაძლიერების მიზნით დამატებით აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შეუფერხებლად ისარგებლონ სატყეო სააგენტოს სერვისებით. სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი მიქელაძემ.
ახალი ადმინისტრაციული შენობები აშენდა ონში, ამბროლაურსა და ცაგერში. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასრულებულია ლენტეხში, ასპინძაში, დუშეთში, საჩხერესა და ზესტაფონში, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე კერძო სექტორს, საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ადგილზე მიიღონ.