ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნასვამ მძღოლებს, შესაძლოა, ავტომობილის დაქოქვა შეეზღუდოთ

12 აგვისტო, 2026 • NewPress • 67

ნასვამ მძღოლებს, შესაძლოა, ავტომობილის დაქოქვა შეეზღუდოთ

საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრება იგეგმება.

საქართველოში ნასვამ მძღოლებს შესაძლოა ავტომობილის დაქოქვა შეეზღუდოთ.
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში საუბარია ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვაზე. ასეთი მოწყობილობა ამოწმებს მძღოლის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობას და, თუ ის კანონით დასაშვებ ზღვარს აღემატება, ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ იძლევა.

2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომელიც მთავრობამ 5 აგვისტოს დაამტკიცა, რამდენიმე მიმართულებით საკანონმდებლო და პრაქტიკულ ცვლილებას ითვალისწინებს.

ცვლილებები შეეხება როგორც ავტომობილებში მგზავრების, მათ შორის ბავშვების უსაფრთხოებას, ასევე ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციას. ამ ეტაპზე საუბარია დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელთა ნაწილი დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს.

ბოლო 10 წელიწადში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს 5 324 ადამიანი ემსხვერპლა
მხოლოდ 2025 წელს დაღუპულთა რიცხვმა 469-ს მიაღწია

კონკრეტულად რა შეიძლება შეიცვალოს:

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძელი სავალდებულო გახდება.
სტრატეგიის მიხედვით, ცვლილება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს და საწყის ეტაპზე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სპეციალური საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი ასაკის ბავშვის ავტომობილით გადაყვანისას მისი ჩვეულებრივ სავარძელზე ან მხოლოდ ავტომობილის ღვედით მოთავსება საკმარისი აღარ იქნება.

უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედის გამოყენება შეიძლება სავალდებულო გახდეს. მთავრობის სტრატეგია ითვალისწინებს უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრებისთვის უსაფრთხოების ღვედის სავალდებულო გამოყენების წესის შემოღებას. ამისთვის უნდა შეიქმნას შესაბამისი ნორმატიული ბაზა და აღსრულების მექანიზმი. შესაბამისად, ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომ მგზავრებსაც შესაძლოა დაეკისროთ ღვედის აუცილებლად გამოყენების ვალდებულება.

ნასვამ მძღოლებს შესაძლოა ავტომობილის დაქოქვა შეეზღუდოთ.
სტრატეგიაში საუბარია ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვაზე. ასეთი მოწყობილობა ამოწმებს მძღოლის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობას და, თუ ის კანონით დასაშვებ ზღვარს აღემატება, ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ იძლევა.

იგეგმება ალკოჰოლური ბლოკირების სისტემისთვის შესაბამისი სტანდარტის განსაზღვრა. დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ავტომობილის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის შესაბამისი სტანდარტის დადგენისას ამ ტექნოლოგიის გათვალისწინება. თუმცა სტრატეგია თავად არ ადგენს, რომ ასეთი მოწყობილობა დაუყოვნებლივ ყველა ავტომობილზე უნდა დამონტაჟდეს.
ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მძღოლების გამოვლენა უნდა გაძლიერდეს.

სახელმწიფო გეგმავს სპეციალური ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივ დანერგვას, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამოვლენას დაეხმარება. ამასთან, გადამზადდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რათა ასეთ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების იდენტიფიცირება გაუმჯობესდეს.

ელექტროსკუტერების რეგულაციები შესაძლოა გადაიხედოს.

 

თეგები: ავტომობილიავტოსაგზაო უსაფრთხოებაავტოსაგზაო შემთხვევებინასვამი მძღოლიცვლილებები