ვანში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. შუალედური არჩევნები 3 ოქტომბერს დაინიშნა. აღნიშნულის მიზეზი ვანის საკრებულოში მაჟორიტარ ბექა ლაჭყებიანისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა.
ცესკოს გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბერს ასევე გაიმართება წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მიიღო.
ცესკოს ცნობით, შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
ამ დროისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა 2201- ია.
დღეს გამართულ სხდომაზე ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის მიიღო განკარგულებები 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის, საკონკურსო პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის თაობაზე, №18 ახმეტის, №24 დმანისის, №25 წალკისა და №53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსების გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ და ა.შ.
საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება.
დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება თუ აკრძალვა, რაც შუალედური არჩევნების დანიშვნას უკავშირდება.
ასევე, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საარჩევნო პროცესის თითოეული ეტაპი განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და ყურადღება მიაქციონ დადგენილ ვადებს.
არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოს პარტიამ უნდა მიმართოს არაუგვიანეს 17 აგვისტოსი (არაუგვიანეს 47-ე დღისა).
რაც შეეხება მედიის და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 23 სექტემბერია (18:00 სთ), ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცესკოს 26 სექტემბრის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა მიმართონ.