იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება, – ინფორმაციას მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისივე ცნობით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად მთავრობის მიერ ახლად შექმნილმა „ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ“ ორი ტენდერი გამოაცხადა.
ქვეყნის მასშტაბით, 77 ახალი M3 ტიპის საქალაქო ავტობუსიდან იმერეთის რეგიონში ჭიათურას – 8, სამტრედიას – 4, საჩხერეს – 3, ხარაგაულს – 3, თერჯოლას – 2, ხონს -2, ზესტაფონს – 1 და ტყიბულს – 1 ავტობუსი გადაეცემა.
ავტობუსების შესაძენად ტენდერის საერთო ღირებულება 32 მლნ ლარს აჭარბებს.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ჯამში 78 ახალი მიკროავტობუსიდან იმერეთში მიკროავტობუსები გადაეცემა ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს 3-3, ხოლო ბაღდათის, სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტებს 2-2. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 მლნ ლარამდეა.
ახალი სატრანსპორტო საშუალებები თანამედროვე ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.