8-12 მაისს, ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
8-12 მაისს, ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.
საკონკურსო ფილმებს შორის არის ფილმები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან, ირანიდან, სინგაპურიდან, ესპანეთიდან, პაკისტანიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან.
ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.
„ქუთაისის თვითმმართველობა, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს ატარებს. ორ კონკურსში 40-მდე ფილმი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ქუთაისს ესტუმრება ცნობილი კინოხელოვანები, მათ შორის ლანა ღოღობერიძე, გელა ბაბლუანი. 5 დღის მანძილზე, ყოველდღიურად რამდენიმე ფილმის ნახვის საშუალება იქნება და მე მოვუწოდებ ჩვენს თანაქალაქელებს, არ გაუშვან ხელიდან ეს შესაძლებლობა, მაქსიმალურად ჩაერთონ საფესტივალო პროგრამაში და მიიღონ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ფესტივალი 8 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნება, ლეო გაბრიაძის ფილმით „ჰარი ჰარალე დედაო“.
კონკურსის ჟიური ფესტივალის მთავარ პრიზს -„ ოქროს დინოზავრს“ გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში - საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.
ფესტივალის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები, მათ შორის, შეიზღუდება ჩვენებებზე დამსწრეთა რაოდენობა.
ფილმების ნახვას მაყურებელი უფასოდ შეძლებს.
ავტორი: ნიუპრესი