"8 მარტის შეთანხმების რევიზიის ყველა ნეგატიურ შედეგზე პასუხს აგებს ხელისუფლება"
8 მარტის შეთანხმების რევიზიის ყველა ნეგატიურ შედეგზე პასუხს აგებს ხელისუფლება -აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რომელიც საკითხს ქუთაისში ბრიფინგზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველა ნეგატიურ შედეგზე პასუხს აგებს ხელისუფლება.
"მინდა, გამოვეხმაურო უადგილო და უტაქტო განცხადებას, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა და რომელიც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შედეგების რევიზიას ეხება. სრულიად გაუგებარია, პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით ეს განცხადება, რას ემსახურებოდა. ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციის და ხელისუფუების დისკუსიაში და ახსნა, თუ რა არის მედიატორის როლი და რაოდენ მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება. სამწუხაროდ, აშშ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია იმისთვის ხაზის გასმა, რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, რომ ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ვალდებულებები და ყურადღებას აქცევენ როგორ შესრულდება. ყველა ნეგატიურ შედეგზე, რასაც ხელისუფლების უადგილო განცხადება მოიტანს, პასუხს აგებს ხელისუფლება"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ არ შესრულდება შეთანხმების მთავარი ნაწილი, ცვლილებებსა და პოლიტიკურ პატიმრებზე, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
"არ დავუჭერთ მხარს ცვლილებებს და არ გვიტოვებს ხელისუფლება სხვა გამოსავალს, რომ ისევ მივმართოთ კონსტიტუციურად გათვალისწინებულ უკიდურესი პროტესტის ფორმას. აქციებსაც, რისი არავითარი სურვილი არ გვაქვს, არ გვაქვს სურვილი რადიკალიზაციის და დაპირისპირების, რადგან იმ კრიზისის გამკლავებას, რაც გველოდება, შევძლებთ ერთობლივი პოლიტიკური ნაბიჯებით"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი