პედაგოგი, რომელიც სკოლაში გატარებული ყოველი დღის ამსახველ არქივს ინახავს
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის ნუნუ ქანდარიას სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ქუთაისელების მრავალი თაობის აღმზრდელი, დამსახურებული პედაგოგი მრავალი ჯილდოს და წოდების მფლობელია.
ნუნუ ქანდარიამ მათემატიკის პედაგოგად 58 წელი იმუშავა. ამბობს, რომ მუშაობა კიდევ შეეძლო, მაგრამ 80 წლის ასაკში სკოლის დატოვება მოუხდა, თუმცა წარსულთან და ბავშვებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. უნიკალური არქივი, რომელიც მან სკოლაში მუშაობის დროს შექმნა, იქ გატარებულ ყოველ დღეს ინახავს. მას შენახული აქვს ყველა შეხვედრის, ექსკურსიის, პრეზენტაციის, ნებისმიერი აქტივობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. ამ არქივში ინახება ასევე მოსწავლეების, მათ შორის ცნობილი ადამიანების წერილები და მილოცვები. შენახული აქვს მისი მოწაფეების ლექსები, სურვილები, ჩანახატები. ამბობს, რომ ეს მისი სიმდიდრეა.
„მე-2 საშუალო სკოლაში მუშაობა 1955 წელს დავიწყე, ამის შემდეგ ამ სკოლას არ მოვშორებულვარ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შემოთავაზება მქონდა, ეს სკოლა განსაკუთრებულად შემიყვარდა. 2013 წელს სკოლიდან წამოვედი, ჯერ კიდევ შემეძლო მუშაობა, მაგრამ ოჯახური პრობლემების გამო ასე გადავწყვიტე. ამ ხნის განმავლობაში მე დავაგროვე უნიკალური არქივი, რომელიც თაობებს უნდა გადაეცეს“,- გვიამბობს ნუნუ ქანდარია.
ბოლო პერიოდში კედლის გაზეთებს აკეთებდა, სადაც უამრავ საინტერესო ინფორმაციას ათავსებდა. გაზეთებს ვიზუალურად მისი ძმა, გამოჩენილი მხატვარი ოთარ ქანდარია აფორმებდა.
მკაცრი პედაგოგი არ ყოფილა, თუმცა მოსწავლეებს მისი დიდი პატივისცემა და რიდი ქონდათ. ამბობს, რომ ზოგს მათემატიკა სულაც არ სჭირდებოდა, თუმცა მისი ხათრით ყველა სწავლობდა. ცელქი მოწაფის წერილიც აქვს შენახული, სადაც ნათლად ჩანს, რომ მის გაკვეთილზე ზარმაციც კი ბეჯითად მუშაობდა.
„მკაცრი პედაგოგი არ ვიყავი, მაგრამ მოსწავლეები ასე აღმიქვამდნენ“, - იხსენებს ღვაწლმოსილი პედაგოგი. ამბობს, რომ მის ხელში უამრავი ღირსეული ადამიანი აღიზარდა. ბევრმა მათგანმა წარმატებას ქვეყნის გარეთ მიაღწია. რამდენიმე თვის წინ, მისი მოწაფისაგან წერილი მოუვიდა, რომელშიც ქალბატონ ნუნუს მადლობას უხდის. წერილი წაიკითხა და თვალები სიხარულის, სიამაყისა და მონატრებისგან აუცრემლიანდა.
მისთვის ყველა ფურცელი, ფოტო და დოკუმენტი განძია. ამბობს, რომ არქივს სკოლას იმ შემთხვევაში გადასცემს და მისი სახელობის კაბინეტში განათავსებს, თუ გაუფრთხილდებიან მას.
დამსახურებული პედაგოგი 84 წლის არის. მისი მისია უცვლელია, ის ახლა პედაგოგიურ მოღვაწეობას საკუთარი დის შვილიშვილებთან აგრძელებს. ბავშვებთან ურთიერთობა კვლავ მისი სტიქიაა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი