ქუთაისში მევახშემ სახლი გადაწვა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დამწვარია ორსართულიანი სახლი. როგორც სახლის მეპატრონე ამბობს, შენობაში არაფერი გადარჩენილა. მეზობლების თქმით, უცხო მამაკაცმა სახლში ყუმბარის მსგავსი ნივთი შეაგდო: “ყუმბარის მსგავსი რაღაც ესროლა სახლს. ჯერ ერთ ფანჯარაში შეაგდო, მერე მეორეში. მეზობლებმა ვუყვირეთ, მაგრამ ერთ-ერთ მეზობელს ქვით გამოეკიდა, რატომ არ მაცლით დაწვასო, ვალი აქვს ჩემიო. მერე პოლიციაც მოვიდა და ის კაცი დააკავეს“,- ამბობს დაზარალებულის მეზობელი თამარ სამხარაძე.
სახლის მეპატრონემ თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა მომხდარის მიზეზებზე ისაუბრა: “ვალი მაქვს 5 ათასი. ოთხჯერ გადავიხადე პროცენტი. ახლა დამიგვიანდა. სამსახურში რომ ვიყავით, მაშინ მოსულა. ეს კაცი სახლში ასაფეთქებლებს ამზადებს“, – განაცხადა დაზარალებულმა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.