|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში 114 პირი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში  (იანვარი-სექტემბერი) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული  306  დანაშაულის შემთხვევაა რეგისტირებული.  ამ პერიოდში აღნიშნული დანაშაულისათვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 127 პირს, რომელთაგან 101 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 26 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.

2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 პირი.

2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:

• ოჯახის წევრი/მშობელი - 53% • დაზარალებული ბავშვი - 8% • სოციალური მომსახურების სააგენტო - 6% • მანდატურის სამსახური - 6% • სკოლა - 4% • მეზობელი - 3% • ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები - 1% • არასამთავრობო ორგანიზაცია - 1% • სხვა - 18%

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.

ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

გამოძიების ეფექტიანად ჩატარებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სექსუალური დანაშაულის საქმეებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. ამ მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში.

ავტორი: