ქალაქის ქუჩებში ფასადებზე გამოჩენილ „გირჩებთან“ დაკავშირებით „ნიუპრესი“ საიას ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელს გიორგი სანტურიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, მსგავს ფაქტებზე ჯარიმა 50 ლარს შეადგენს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით უჭირს ზუსტი პასუხის გაცემა:
„კონკრეტული შემთხვევის შეფასება არ შემიძლია, ვერ გეტყვით, უნდა მოხდეს თუ არა დაჯარიმება, თუმცა ამგვარი ქმედებებისთვის 150-ე მუხლის თანახმად, ჯარიმა პირველ ჯერზე 50 ლარს, ხოლო განმეორების შემთხვევაში 500 ლარს შეადგენს. სააქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად: თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება: სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“ , -აღნიშნავს ის.
ჯარიმა იზრდება თუ ეს ქმედება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ხდება.
როგორც სანტურიანი აღნიშნავს, 150-ე მუხლის დარღვევის და შესაბამისად, დაჯარიმების ფაქტები სასამართლო პრაქტიკაში ხშირია.