ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ უნდა დაიწყოს ნიღბის ტარება - ბიძინა კულუმბეკოვი
მიუხედავად იმისა, რომ 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარება, აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერ-მინისტრ და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ტესტირების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, შემთხვევების რაოდენობა პროპორციულად არ გაზრდილა, რაც კარგია.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითქმის 21 ათას ტესტზე ავედით; გაზრდილი ტესტირების მიუხედავად, გამოვლენილი ადამიანების რიცხვი პირდაპირპროპორციულად არ გაიზარდა და შესაბამისად, შემცირდა პოზიტიურობის მაჩვენებელი 25%-მდე, რაც კარგია.
მიუხედავად იმისა, რომ 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარება, რაც ძალიან კარგია, ჩვენ ეს არ გვაწყობს. აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა. ამიტომ, ამ ორკვირიანი დაკვირვების შედეგად მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 24 დეკემბერი-2 იანვრის გადაწყვეტილებები, რათა არ დაზიანდეს ერთის მხრივ ეპიდემიის სწორი მართვა და მეორეს მხრივ ეკონომიკასაც მიეცეს დაპირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში მუშაობის საშუალება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში 28 ნოემბრიდან პანდემიის გამო დაწესებული ორთვიანი შეზღუდვები მოქმედებს.
ავტორი: ნიუპრესი