|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოებში კვლავ იზრდება მაჟორიტარული კომპონენტი - საია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი, - აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე  თვითმმართველობის კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. 

 

ქურდოვანიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რის მიზანსაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს.

„ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი და ის 2017 წლის ნიშნულს უბრუნდება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ერთპარტიულად მიღებული ცვლილებით უკვე გაუქმდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებული მინიმალური 40%-იანი საარჩევნო ბარიერი და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა. საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს.

ცვლილებების შედეგად 2025 წლიდან ადგილობრივ წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის გარდა) მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრებს შორის თანაფარდობა 3/2-ით (ნაცვლად 4/1-სა), ხოლო თბილისში 1/1 (ნაცვლად 4/1-სა) პროპორციით განისაზღვრება. სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს პროპორციული სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა 15 იქნება, ხოლო მაჟორიტარი წევრები ფარდობითი უმრავლესობის საფუძველზე (ნაცვლად 2/1-სა), საარჩევნო ბარიერისა და შესაბამისად მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობის გარეშე აირჩევიან. ამასთან, გაიზარდა პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა ბარიერი და 4%-ით განისაზღვრა (ნაცვლად 3%-სა და თბილისში 2.5%-სა).

საერთო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა მხოლოდ ნაწილობრივ უბრუნდება 2017 წლის რედაქციას, რაც, თავისთავად, უკან გადადგმული ნაბიჯია, თუმცა რეალურად საქმე გვაქვს არსებით გაუარესებასთან. ცვლილებების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას. ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა“, - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა იმ ნორმას ცვლის, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ აისახა და რომელიც “შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო.

მაშინდელი შეთანხმებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა კი შემცირდა. ასევე შემცირდა პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრთა არჩევის ბარიერი.

“ქართული ოცნების“ ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია და დაჩქარებული წესით განიხილება კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 4%-იანი საარჩევნო ბარიერი ბრუნდება. 2021 წლის შეთანხმებით კი, თბილისის საკრებულოს წევრები, პროპორციული სისტემით 2.5%-იანი ბარიერით აირჩა, ხოლო რეგიონებში - 3%-იანი ბარიერით.

რაც შეეხება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის გაზრდას, ამ მიმართულებით “ქართულმა ოცნებამ“ შემდეგი ცვლილებები წარადგინა:

თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან.

თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ორი წევრი აირჩევა.

თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს სამი წევრი აირჩევა.

თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ოთხი წევრი აირჩევა.

თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ხუთი წევრი.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, ამჟამად დედაქალაქის 50 წევრისგან შემდგარ საკრებულოში 10 - მაჟორიტარი და 40 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატია. ცვლილებებით თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან 25 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო წესით აირჩევა, 25 წევრი – პროპორციული წესით.

 

ავტორი: ნიუპრესი