|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების ათზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მთლიანობაში არ მიუღწევია ისეთი მასშტაბებისთვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე. ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის საბოლოო შედეგში, რომლის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა ისაუბრა.

მისივე თქმით, მაინც დაფიქსირდა რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია. როგორც ნატროშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ტენდენცია გამოიკვეთა 8 ოქტომბრის შემდეგ, მეორე ტურამდე არსებულ პერიოდში, როდესაც დაფიქსირდა აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების ათზე მეტი შემთხვევა. კერძოდ, კონკრეტული ადამიანები საუბრობდნენ პოლიტიკური ნიშნით მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" განმარტავენ, ასეთი განცხადებების სიხშირის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს არ მოუხდენიათ სათანადო რეაგირება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, არჩევნების პროცესზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების შესახებ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც ეტაპობრივად ქვეყნდებოდა სხვადასხვა ვებგვერდის მეშვეობით.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოებმა ვერც ერც შემთხვევაში ვერ დაასრულეს გამოძიება წარმატებულად და ვერ მისცეს პასუხისმგებაში ამ ჩანაწერის ავტორი ან გამავრცელებელი. მონიტორინგის შედეგის მიხედვით, ასევე წინასაარჩევნოდ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ხშირად კეთდებოდა განცხადება, მათ მხარდაჭერებსა და საარჩევნო კანდიდატებზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" მიიჩნევენ, რომ ზოგიერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არასამართლიანი ან კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. ამ კუთხით ორგანიზაციაში აღნიშნავენ პარლამენტის მიერ მიღებულ უფასო სარეკლამო დროის განაწილების ახალ წესს, ცესკო-ს ორ დადგენილებას და ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებას პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოყოფის შესახებ.

"აღსანიშნავია მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბური მობილიზება, რასაც ფაქტობრივად ყველა რეგიონში ჰქონდა ადგილი. ასევე დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის ბევრი ფაქტი, მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით. არჩევნების როგორც პირველი, ისე მეორე ტურის წინ განსაკუთრებით გახშირდა სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობების რეკლამირება ვიდეორგოლებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებით",- აცხადებენ ორგანიზაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ დღეს წარდგენილი ანგარიში 2016 წლის 8 ივნისიდან 30 ნოემბრამდე არსებულ პერიოდს მოიცავს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა