აფხაზეთიდან დევნილი "მასტერას" ქუთაისელი ჩემპიონები
აფხაზეთიდან დევნილმა გრანდ მასტერმა კიკბოქსის მიმდევარი ახალგაზრდების წვრთნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 1994 წელს სამხედრო ჰოსპიტალის უფროსმა შენობა დაუთმო. იგი, თავდაპირველად, ჰოსპიტალში მკურნალობდა, შემდეგ კი ჰოსპიტალის თანამშრომლებისა და მეგობრების შვილებს ავარჯიშებდა.
23 წლის განმავლობაში მურთაზ ბებიამ ბევრი ცნობილი კიკბოქსელი აღზარდა. ბებია მხოლოდ კიკბოქსის „მასტერი“ არაა და მისი ყოფილი აღსაზრდელები როგორც კრივში, ასევე ბოქსშიც დიდ წარმატებებს აღწევენ.
„1994 წლიდან ვავარჯიშებ ახალგაზრდებს, მას შემდეგ ამ შენობაში ვართ და არაერთი ცნობილი კიკბოქსელი აღმიზრდია. ამ დროისთვის ჩემი ყოფილი სამი აღსაზრდელი პროფესიულ საქმიანობას ჰოლანდიაში, რუსეთსა და ესპანეთში ეწევიან“,-განაცხადა მურთაზ ბებიამ "ნიუპრესთან" საუბრისას.
ბებია მოსწავლეებს ამ დრომდე სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილ შენობაში ავარჯიშებს. შენობა ამორტიზებულია და კარგი ამინდის შემთხვევაში, აღსაზრდელებს შენობის ეზოში ავარჯიშებს. ზამთარში კი ასაკით პატარა მოსწავლეებს ვარჯიშზე არ იბარებს.
„კარგი ამინდის შემთხვევაში ეზოშიც ვვარჯიშობთ. პირობებიდან გამომდინარე, ზამთარში პატარა სპორტსმენებს არ ვავარჯიშებთ, ამ დროისთვის ჩემთან 50-მდე აღსაზრდელია“,-აღნიშნა ბებიამ.
„მასტერის“ 50-მდე აღსაზრდელიდან რამდენიმე გოგონაა.
„ამჟამად ჩვენთან ბიჭების გარდა 4 გოგონა ვარჯიშობს. გოგონები გასულ წლებშიც ბევრი გვყავდა და აქტიურად აგრძელებენ ვარჯიშს“,-ამბობს ბებია.
მურთაზ ბებია მის 5 აღზრდილ სპორტსმენთან ერთად 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა, საიდანაც 7 მედალი ჩამოიტანეს.
„2008 წელს ხუთ სპორტსმენთან ერთად ვიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე, მაშინ საქართველოდან წასული 31 სპორტსმენიდან 5 ჩვენი ბიჭი იყო. იქედან 7 მედალი ჩამოვიტანეთ. 6 ოქროს მედალი მოყვარულებში ავიღეთ და ერთი პროფესიონალურში. იმ წელს ყველაზე წარმატებულად პაპუნა მარგველაშვილმა იასპარეზა. მან ორი ოქროს მედალი პროფესიულში და ერთი მოყვარულებში აიღო. საკმაოდ წარმატებული გასვლა გვქონდა“,-აღნიშნა ბებიამ.
2001 წლის კიკბოქსისა და 2008 წლის ბოქსის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი ავთანდილ ხურციძე „მასტერას“ ყველაზე წარმატებული მოსწავლეა. 5 ქამრის მფლობელ „ჩაქუჩას“ მურთაზ ბებია ყველაზე შრომისმოყვარედ ასახელებს.
„ავთანდილ ხურციძე ჩემი ყველაზე გამორჩეული და შრომისმოყვარე აღსაზრდელი იყო, ბევრს შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ წარმატებისთვის მიეღწია და მოახერხა კიდეც. ზედმეტსახელი ჩაქუჩაც ჩემი დარქმეულია, რადგან ჩაქუჩს დიდი მონდომებით ურტყამდა ხოლმე“,-აღნიშნა ბებიამ.
„ჩაქუჩაც“ ყოველთვის პოზიტიური და დადებითი შეფასებით გამოირჩევა. რამდენიმე ინტერვიუში იგი მურთაზ ბებიას მამასაც უწოდებს. მისი თქმით, ტრენერმა არა მხოლოდ სპორტსმენად, არამედ პიროვნებადაც ჩამოაყალიბა.
ხურციძე ამჟამად ამერიკაშია დაკავებული, მისი ტრენერის განცხადებით, ხურციძეს ბრალს უსამართლოდ სდებენ.
„ავთანდილი არ არის ის ადამიანი, მსგავსი დანაშაული ჩაიდინოს, შეეშინდათ, რომ ჩაქუჩა გაიმარჯვებდა და ეს ყველაფერი სპეციალურად მოუწყვეს“,-განაცხადა მან.
მურთაზ ბებიას თქმით, მას რამდენიმე შემოთავაზება ჰქონდა, რომ საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეგრძელებინა. თუმცა, აფხაზეთიდან დევნილი გრანდ მასტერი ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს.
„რამდენჯერმე მქონდა შემოთავაზება, 5 წელია, მთხოვენ რომ კარიერა სხვა ქვეყანაში გავაგრელო, თუმცა მე მოღალატე არ ვარ და ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ“, - განაცხადა ბებიამ.
მურთაზ ბებია საქართველოსა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონების აღზრდას აქტიურად აგრძელებს და მათ წვრთნას იმაზე დიდ დროს უთმობს, ვიდრე საკუთარ თავს.
"ნიუპრესი" დაინტერესდა, გეგმავს თუ არა ქუთაისის მერია მომავალი ჩემპიონების სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებას.
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ნინო უჩაძის განმარტებით, ბებიას რამდენჯერმე შესთავაზეს უკეთეს პირობებში გადასვლა, თუმცა მას ის შენობა ურჩევნია, სადაც 1994 წლიდან საქმიანობს.
„ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ მურთაზს, დიდი ამაგი აქვს გაწეული ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობა ჩვენი არ არის და რესტავრაციას ვერ მოვახდენთ, თუმცა ბატონ მურთაზს რამდენჯერმე შევთავაზეთ სხვა, უკეთეს შენობაში გადასულიყო, თუმცა მას ის ადგილი ურჩევნია, სადაც ამჟამად ავარჯიშებს აღსაზრდელებს“,-განაცხადა უჩაძემ.
ავტორი: ხატია ბანძელაძე