აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. უნივერსიტეტის დაფუძნებისა და მისი ისტორიის შესახებ ინფორმაციას აწსუ ავრცელებს.
"90 წლის წინ, 1933 წლის 13 თებერვალს დიდთოვლობის მიუხედავად ქუთაისში პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის პირველი ზარი დაირეკა. სადგურ რიონიდან ფეხით წამოსულმა ქართველმა მეცნიერებმა და სტუდენტებმა საფუძველი ჩაუყარეს იმ საგანმანათლებლო კერის არსებობას, რასაც დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია.
ამ მოვლენას წინ, 1930 წლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია უძღოდა, როცა ხელისუფლებამ ის ოთხ დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად დაყო. ერთ-ერთი მათგანი პედაგოგიური ინსტიტუტი იყო, რომელმაც 1933 წლიდან ქუთაისში გადმოინაცვლა.
90 წლის წინ პროფესორ გიორგი ახვლედიანის მიერ ჩატარებული პირველი ლექციიდან დღემდე უნივერსიტეტმა დიდი გზა განვლო. 4 სასწავლო განყოფილებით დაწყებული უმაღლესი სასწავლებლის ისტორია დღეს მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით, 10 ათასამდე ქართველი, 500-მდე უცხოელი სტუდენტის, პროფესორ-მასწავლებლების წარმატებული საქმიანობითა და სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელთან წარმატებული თანამშრომლობით გრძელდება.
თითქმის საუკუნეა აწსუ განსაკუთრებული საგანმანათლებლო მნიშვნელობის კერაა რეგიონში, რომელსაც არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. გვჯერა, რომ კიდევ მრავალი წელი შეძლებს ახალი თაობებისთვის განათლების მიცემასა და წარმატებული გზების გახსნას!", - წერია აწსუს ფეისბუქგვერდზე
ავტორი: