აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 91 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, გაიხსნა საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ბიუსტი და ნიკო ნიკოლაძის სახელობის აუდიტორია.
ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი დარსაველიძე.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
უნივერსიტეტს დაბადების დღე მიულოცა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
„ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 91 წელი შესრულდა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ სახელოვან განათლების კერას დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ამ ისტორიის ნაწილი ვართ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ეს სასწავლებელი. მინდა უნივერსიტეტის მესვეურთ, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სრულიად ქუთაისს მივულოცო ეს დღე. გვეამაყებით და მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ!“, - განაცხადა ხახალეიშვილმა.
ავტორი: