აკაკი წერეთლის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსში შემავალი საგამოფენო დარბაზის სრული რეაბილტაცია ხორციელდება.
29 ივნისს, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძემ საგამოფენო დარბაზში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს. ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ესწრებოდა.
სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციისთვის, 2015-2016 წლებში, კულტურის სამინისტრომ 470 000 ლარი გამოყო. აღნიშნული თანხიდან განხორციელდა მუზეუმის საგამოფენო დარბაზის კონსტრუქციულ-გამაგრებითი, ფასადისა და ინტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ასევე, 2015 წელს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, (33 839 ლარი) როსტომისეულ სასახლეში განხორციელდა აკაკის დედისეული ფლიგელის აღდგენა. 15 000 ლარი გამოიყო როსტომისეული სასახლისა და კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენისთვის.
საგამოფენო სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, დაიწყება ექსპოზიციის მოწყობა, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტები განახორციელებენ.
2016 წლის ზაფხულის ბოლოს, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის პანდუსისა და ლიფტის გაკეთება, ასევე ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოების განხორციელება (54 000 ლარი).
ავტორი: ნიუპრესი