აკაკის საიუბილეო საღამო ქუთაისში გრანდიოზულად აღინიშნება
16 ნოემბერს, 18:30 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყობა აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის პრეზენტაციები. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ქეთი მატაბელის ფოლიანტები - „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“; ასევე მწერლის შესახებ შექმნილი პლაკატები და გამოფენა სახელწოდებით „აკაკი ქართულ ხელოვნებაში“. შედგება აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია.
საღამო დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება. გაიმართება სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი თეატრალური წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა თეატრის მსახიობები და ცნობილი ქართველი მომღერლები - ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, ლიზა ყენია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ნუკრი კაპანაძე. ღონისძიების წამყვანია ეკა კახიანი. საღამოს მუსიკალურად აფორმებს დავით ევგენიძე და მისი ბენდი. სპექტაკლის მონაწილეები აკაკი წერეთლის ლექსებსა და პუბლიცისტურ წერილებს წაიკითხავენ.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა ინიციატივითა და ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
2015 აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია. მწერლის გარდაცვალებიდან 100, ხოლო დაბადებიდან 175 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერლის საიუბილეო თარიღი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი