|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი -ილია მეორე

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა -ამის შესახებ  საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ავრცელებს.
პატრიარქის თქმით, ამ დღის დადგომაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი.
„დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა.
ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.
კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული;
ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი.
გილოცავთ და გლოცავთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ინებოს ღმერთმა საქართველოს ერთობა, მშვიდობა და წარმატებული მომავალი“, – ნათქვამია ილია მეორის განცხადებაში.
 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი