ამერიკული ფილმის საუნდტრეკის პრეზენტაცია ქუთაისში [VIDEO]
15 აპრილს, 14:00 საათზე კინოთეატრ “საქართველოში“ ლელა ლომთაძის მუსიკაზე შექმნილი კლიპების პრეზენტაცია გაიმართება.
სიმღერები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა კლიპები, დაწერილია ლელა ლომთაძის მიერ ამერიკული ფილმისთვის “Spies Incorporated: Night at the Lorenzo”. სურათის რეჟისორი გახლავთ ჯენე რობინსონი. ფილმის პრემიერა შედგა 2017 წლის 30 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
უახლოეს მომავალში ფილმი წარდგენილი იქნება რამდენიმე კინოფესტივალზე, მათ შორის ნიუ იორკში ფესტივალზე სახელწოდებით „Tribeca“ და ლონდონში ფესტივალზე “Discover Film Awards“
ლელა ლომთაძე თითქმის 20 წელია მოღვაწეობს ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, როგორც მსახიობი. პარალელურად ის აქტიურად არის ჩართული ქალაქის მუსიკალურ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ლელა ლომთაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც 90-იანი წლების ქუთაისური როკის ლეგენდა შექმნა. სხვადასხვა დროს ის უკრავდა პოპულარულ მუსიკალურ ჯგუფებში.
ამ პროექტში ასევე შედგება ლელა ლომთაძის, როგორც სცენარისტის პრეზენტაციაც, რადგან თუ ერთი კლიპი შექმნილია ფილმის ფრაგმენტებზე დაყრდნობით, მეორე კლიპისთვის ორიგინალური სცენარი თავად ლელამ დაწერა.
15 აპრილს კლიპების პრეზენტაციის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მერია, მხარდამჭერი კი კინოთეატრი „საქართველო“.
ავტორი: ნიუპრესი