ამნისტიის კანონი 1500-მდე მსჯავრდებულს შეეხება
ამნისტიის კანონი, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა, 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება, ხოლო 10 ათასზე პირი პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს.
ამნისტიის აქტი 80-მდე მუხლს შეეხება, მათ შორის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლს - ძალადობა (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის უფლებების აღდგენას.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით).
კანონპროექტის პირველი კენჭისყრა 30 დეკემბერს, მეორე კი 5 იანვარს გაიმართა. ორივე შემთხვევაში, დოკუმენტმა კენჭისყრაში მონაწილე კანონმდებლების აბსოლუტური მხარდაჭერა მოიპოვა.
ცნობისთვის, საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების მოთხოვნით ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებასი მსჯავრებულები შიმშილობენ, გარეთ კი მათი უფლებადამცხველები და ახლობლები საპროტესტო აქციებს მართავენ.
ავტორი: ნიუპრესი