ქუთაისელი ექიმის წინააღმდეგ სასამართლო დავა დასასრულს უახლოვდება
2013 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვა (ნიკოლეიშვილის) საქმეზე სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება. არსებული ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლო განაჩენს უახლოეს დღეებში გამოიტანს.
გარდაცვლილის დედა ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ალა მატინოვა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ვიოლეტას საკეისრო კვეთა გაუკეთდა, სეფსისი განუვითარდა და რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.
„ჩემ შვილს 2013 წლის 7 იანვარს საკეისრო კვეთა ირაკლი მერკვილაძემ ჩაუტარა. ვიოლეტა 25- ში დაიღუპა, განუვითარდა ენდომეტრიტი, მერე სეფსისი. სახლში მკურნალობდა ექიმის დანიშნულებით, არ შემოუთავაზებიათ საავადმყოფოში მოთავსება.
ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ჩემი შვილი ექიმის დაუდევრობის გამო გარდაიცვალა. ძალიან მაინტერესებს სასამართლო პროცესი ამდენ ხანს რატომ გაგრძელდა, როგორც პროკურორმა თქვა, 14 ნოემბერს საბოლოო განაჩენი უნდა გამოვიდეს“,- განაცხადა მატინოვამ.
მატინოვას თქმით, მისი შვილის შემთხვევა პირველი არ ყოფილა.
„ვიოლეტა მეხუთე ადამიანი იყო, ვინც ირაკლის გარდაეცვალა. ცნობილი ამბავია, საქართველოში ექიმთან მას შემდეგ მიდიხარ, რაც მის შესახებ გაიგებ. ყველა აქებდა და ჩვენც მაგიტომ მივედით, სამწუხაროდ, მერე გავიგეთ, ვინც ყოფილა. დანარჩენი გარდაცვლილების მშობლები ხმას არ იღებენ... ალბათ, თანხა გადაუხადეს. მე გაჩერებას არ ვაპირებ. საერთოდ ვერ ვხვდები, ასეთ ექიმებს ქუთაისში რატომ აჩერებენ. სკამზე ჯდომა და თანხის მიღება ყველას უყვარს“, -აღნიშნა მატინოვამ.
"ნიუპრესთან" საუბარში ირაკლი მერკვილაძე აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი საავადმყოფოდან დაუკითხავად წავიდა და ჰოსპიტალიზაციაზე მან და მისმა მეუღლემ უარი ორჯერ განაცხადეს.
„ვიოლეტა ჩვენგან 23 იანვარს დაუკითხავად წავიდა. მას შემდეგ 5 ჯერ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გარდაცვლილმა და მისმა მეუღლემ ჰოსპიტაზაციაზე უარი განაცხადეს, რაზეც მათი ხელმოწერები მეტყველებს. ვიოლეტას ჩემგან წასვლის მერე ფილტვების ანთება დაემართა, შემთხვევა 5 წლის წინ მოხდა და 3 წელიწადნახევარია გამოძიება მიმდინარეობს. ვინ არის ვიოლეტას გარდაცვალებაში დამნაშავე, ამას სასამართლო დაადგენს“,-განაცხადა მერკვილაძემ.
დაზარალებულის ადვოკატი მალხაზ თევდორაძე ამბობს რომ საქმე 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
„საქმე სისხლის სამართლის 116-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების შეზღუდვა, ან 2 წლიანი პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება საქმიანობის შეწყვეტას, ეს უკვე მოსამართლის პრეროგატივაა,“- განაცხადა თევდორაძემ.
სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
როგორც დაზარალებული მხარე აცხადებს, ექიმის გამართლების შემთხვევაში, ის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ავტორი: ხატია ბანძელაძე