|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არ შეიძლება ყველაფერი ერთ უწყებას დაბრალდეს - ტიკარაძე

"არ შეიძლება ყველაფერი ერთ უწყებას დაბრალდეს", - აცხადებს  ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რითაც  თელავში კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ეხმიანება.  

ტიკარაძის მტკიცებით, ღონისძება კულტურის სამინისტროს ორგანიზებული არ ყოფილა. ამასთან, როგორც მან თქვა, ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაბრალდეს. ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს ორგანიზებული. შრომითი ინსპექცია მუშაობს როგორც კონცერტებთან, ისე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს გაკონტროლება და არ შედგეს თავყრილობები, რომლებიც შეიძლება ინფექციის გავრცელების წყაროდ იქცეს", - თქვა ტიკარაძემ.

კულტურის სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით კონცერტებს მართავს, სადაც არ არის დაცული დისტანცია და დამსწრეებს, ხშირ შემთხვევაში, არ უკეთიათ პირბადე.

გუშინ, 10 აგვისტოს, მომღერალ თემურ წიკლაურის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც პირველ თებერვალს კორონავირუსით გარდაიცვალა, კულტურის სამინისტრომ თელავში ხალხმრავალი ღონისძიება გამართა.

ამასთან, ბოლო პერიოდში მთავრობის წევრები აქტიურად არღვევენ მათივე დაწესებულ რეგულაციებს, მათ შორის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა.

11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 352 ადამიანი დაინფიცირდა,  48 კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  საქართველოში ვირუსით  ჯამში 6 230 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი