კორონავირუსით რეინფიცირება არ დადასტურდა - ირმა კვიცარიძე
კორონავირუსით რეინფიცირება არ დადასტურდა, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა სიურპრიზებს გვთავაზობს ეს ვირუსი, რადგან ის გამუდმებით განიცდის მუტაციას. ამის შესახებ ავსტრიაში მოღვაწე ექიმმა ირმა კვიცარიძემ newpress.ge-ს განუცხადა.
მისივე თქმით, ინსბრუკის კლინიკაში, სადაც ის მუშაობს, მეცნიერებმა შეისწავლეს კონკრეტული პაციენტები, რომელთა მიმართ არსებობდა რეინფიცირების ვარაუდი, თუმცა მათ შემთხვევაში ეს ვარაუდი არ გამართლდა.
„თეორიულად, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა როდესაც მეცნიერებმა კრიტიკული თვალით შეისწავლეს ყველა წვრილმანი იმ პაციენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც, სავარაუდოდ, გაუმეორდათ ეს ინფექცია, რეინფიცირება არ დადასტურდა. თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა სიურპრიზებს გვთავაზობს ეს ვირუსი, რადგან ის გამუდმებით განიცდის მუტაციას“, -განაცხადა კვიცარიძემ.
მისივე თქმით, ინსბრუკის კლინიკის კვლევითმა ჯგუფმა ასევე გამოიკვლია პაციენტების ჯგუფი, რომელთაც ქონდათ კოვიდ-19-ის მძიმე მიმდინარეობა. გამოჯანმრთელებიდან 3 თვეში, მათ სისხლში ანტისხეულების რაოდენობის მაჩვენებელი ნულამდე იყო დასული. სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა ჰიპოთეზა შესაძლო რეინფიცირების შესახებ.
ცნობისთვის, ვირუსის გავრცელების ტემპით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით 1540 ადამიანია გარდაცვლილი.
ავტორი: ნიუპრესი