"არ ვიცოდი, ცხენის ხორცი თუ იყო" - რას აცხადებს ბაღებში ცხენის ხორცის შეტანაში ბრალდებული?
არ ვიცოდი, თუ ჩემს მიერ შეძენილი ხორცი ცხენის იყო- აცხადებს სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ბრალდებით დაკავებული ნუგზარ მარკოიძე. დღეს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სასამართლო პროცესს მოსამართლე ციცინო მოსიძე უძღვებოდა.
მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, კომპანიის "ელენიკო" დირექტორმა განაცხადა, რომ თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ, კერძოდ დოკუმენტაციის გაყალბების ნაწილში, ცხენის ხორცის შეტანას კი არ ადასტურებს.
პროკურორის თქმით, ბრალდებულმა გააყალბა დოკუმენტები და ბაღებში შეიტანა ცხენის ხორცი. მისივე თქმით, ნუგზარ მარკოიძე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რისი გათვალისწინებითაც, საქმეზე საპროცესო შეთანხმებაზე თანახმა არ არიან.
ბრალდების მხარის მოსაზრებას არ დაეთანხმა დაკავებულის ადვოკატი. გივი შენგელიას განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ დაკავებული ჩაიდენს ახალ დანაშაულს ან მოახდენს ზემოქმედებას მოწმეებზე. ადვოკატის თქმით, ნუგზარ მარკოიძეს არ ქონდა ინფორმაცია, მის მიერ შეძენილი ხორცი ცხენის იყო, თუ არა. დაცვის მხარე 20 000 ლარიანი გირაო მოითხოვა.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და მარკოიძე პატიმრობაში დატოვა. მომდევნო პროცესი 23 აპრილს დაინიშნა.
შეგახსენებთ, მარკოიძე 27 თებერვალს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნუგზარ მარკოიძე აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2–ს და ასე ახდენდა ბაღებში საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანას. შპს "ელენიკო" სამტრედიის ბაღებს ხორცის პროდუქტებს თითქმის ერთი წლის განმავლობაში აწვდიდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნუგზარ მარკოიძეს 2–დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი