„არა „მაკდონალდს“-ქალაქზე ზრუნვა თუ ინვესტიციასთან ბრძოლა? [VIDEO] [AUDIO]
რამდენიმე თვეში ქუთაისის ცენტრალურ უბანში „მაკდონალდსი“ გაიხსნება. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული საკითხი უკვე გახდა საპროტესტო აქციების, დისკუსიისა და პეტიციის მიზეზი. ისტორიულ უბანში მშენებლობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. პროტესტის მიზეზი არა სწრაფი კვების ობიექტის პროდუქცია, არამედ მისი ადგილმდებარეობა გახდა.
ქალაქის ისტორიულ ნაწილში 1 400 კვ. მეტრი, ეკონომიკის სამინისტრომ 800 000 ლარად გაასხვისა. „თ და კ რესტორნებმა“ ადგილზე „მაკდონალდსის“ მშენებლობის სამუშაოები ისე დაიწყო, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობაში არ ფლობდნენ. მოგვიანებით კი მერიაში განმარტეს, რომ კომპანიამ მათ პროექტი წარუდგინა, რომელიც მერიამ თავის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაუგზავნა.
ვიდრე სააგენტო პროექტს სწავლობს, ტერიტორია უკვე შემოიღობა.
ისტორიულ უბანში დაწყებული მშენებლობა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე მოქალაქეებმა გააპროტესტეს.
„მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი შეთანხმებული არ არის, მაშინ გამოდის, რომ ეს მშენებლობაც ბუტაფორიაა. კვადრატული მიწის ნაკვეთი ჭყონიას 200 დოლარად მიყიდეს, მაშინ, როდესაც მის ღირებულებაზე ბევრად დაბალი ფასია. ამას ემატება ისიც, რომ ახალი კანონით, მოგების გადასახადის სახით მას ეს თანხაც უკან დაუბრუნდება. სად არის ქუთაისის ხელისუფლება“, - განაცხადა „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის“ ცენტრის ხელმძღვანელმა სულხან ქობულაძემ.
„მაკდონალდსის“ მშენებლობა მიუღებელია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციისთვისაც. გოგი წულაიამ „თ და კ რესტორნები“ ქალაქის „გადაგდებაშიც“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მათ „მაკდონალდსის“ პირველი ობიექტის მშენებლობისთის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტისათვის არ გადაურიცხავთ.
„მინდა ქუთაისელებს ვუთხრა, რომ იმ სიმახინჯემ, რომელიც უკვე აგვიშენეს ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მთლიანად წაიღო სივრცე და გაართულა იმ ტერიტორიაზე მოძრაობა. “თ და კ რესტორნებს“, რომლებმაც განახორციელეს ეს პროექტი, უნდა დაეხარჯათ მილიონნახევარი, დაპირების თანახმად, გაეკეთებინათ ბავშვთა ატრაქციონები, სკვერები და მერიისთვის უნდა გადაეცათ 20 000 ლარი უსახლკაროებისთვის ბინის შესაძენად. აუდიტის სამსახურის მასალებიდან ირკვევა, რომ მათ ეს პირობები არ შეასრულეს. დაგვიმახინჯეს ქალაქი და დანარჩენში "გადავგაგდეს". ახლა კი მეორეჯერ გვიპირებენ გადაგდებას. ვთვლი, რომ იმ ადგილას რაიმეს აშენება, არის ქალაქის იერ-სახის კიდევ ერთხელ ცუდად შეცვლა", -განაცხადა გოგი წულაიამ.
აქციის მონაწილეებმა ყოფილ პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილსაც მიმართეს და წლების წინ გაცემული დაპირება შეახსენეს. მწერალ ცირა ყურაშვილის თქმით, რომელმაც განცხადება საინიციატივო ჯგუფის ,,ქუთაისის მომავლისთვის“ სახელით გააკეთა, ბიძინა ივანიშვილი წლების წინ ადგილზე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობას გეგმავდა, რაშიც ხელი წინა ხელისუფლებამ შეუშალა, ახალ კი ივანიშვილს შესაძლებლობა ეძლევა დაპირება შეასრულოს.
„მაკდონალდსის“ წინააღმდეგ მიმართული დავა დიდი ხანია გასცდა ქალაქს და განსჯის საგანი ქვეყნის მასშტაბით გახდა.
როგორც კომპანიის ცენტრალურ ოფისში აცხადებენ, მშენებლობისთვის ალტერნატიული ადგილი არ განიხილება, თუმცა მზადდება ალტერნატიული პროექტი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ქალაქის იერ-სახესთან.
თემასთან დაკავშირებით ქუთაისში გამართულ დისკუსიაზე „თ და კ რესტორნების“ განვითარების მენეჯერმა ნიკოლოზ დარბაისელმა ქუთაისში „მაკდონალდსის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქალაქში ინვესტიციის შემოსვლასთან ბრძოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „მაკდონალდსი“ ქალაქის ცენტრში უნდა იყოს, რომ ტურისტებს მისი მიგნება არ გაუჭირდეთ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ადგილზე 60 ადგილობრივი დასაქმდება და წლიურად ბიუჯეტში მილიონი ლარი შევა. მიუხედავად, შეთავაზებული წინადადებებისა მშენებლობას მოწინააღმდეგეები ჰყავს არქიტექტორებს შორისაც. არქიტექტორ დავით მელქაძის განცხადებით, არავის აქვს უფლება ქალაქის ისტორიულ ნაწილში გახსნას კვების ობიექტი.
„ნებისმიერი ფორმით ინვესტიციის განხორციელებისთვის წინა მთავრობა გადავაგდეთ. მე მაქვს შეხება „მაკდონალდსის“ ცენტრალური ოფისის წარმომადგენლობასთან, ისინი იმდენად პუნქტუალურები და მოწესრიგებულები არიან, მათ რომ გაიგონ, რაც ხდება ქუთაისში, გამორიცხულია მშენებლობა გააგრძელონ. ისინი ყურადღებას აქცევენ გარემოს და ვაცნობოთ მათ, რა ხდება აქ. ნებისმიერი არქიტექტორი იტყვის, რომ აქ კვების ობიექტის მშნებელობა არ შეიძლება“, –განაცხადა დავით მელქაძემ.
არარსებული პროექტის გამო განმარტების მიცემა უწევს ქუთაისის მერიას. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, პროექტი მუშავდება და კულტურის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით შემუშავდება პროექტი, რომელიც შესაბამისობაში იქნება იერ-სახესთან. ჭეიშვილის თქმით, მშენებლობა არ დაწყებულა და მხოლოდ შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება საათის გადატანას, მან განაცხადა, რომ საათი მიმდინარე სამუშაოების გამო, რომ არ დაზიანებულიყო, ამიტომ დროებით შეინახეს, მშენებლობის დასრულების შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდება. მისივე თქმით, ტერიტორიაზე არსებული ოთხი ძირი ხე რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაირგვება.
ინვესტიციის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს ქუთაისის მერიც. შოთა მურღულიას განცხადებით, პროექტი არ იქნება კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არ შეცვლის ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ამავდროულად გააჟღერა ინფორმაცია, რომ „მაკდონალდსი“, სასტუმრო და ეკლესია აშენდება.
ვიდრე მშენებლობის შეჩერების მთავარ მიზეზად ქალაქის ისტორიული ნაწილის დამახინჯება სახელდება, ამავდროულად ქალაქში ბიზნესკონკურენციის - „ვენდისი“ მაკდონალდსის“ წინააღმდეგ ვერსიაც გაჟღერდა. ცენტრალური მოედნიდან არც თუ შორს, არანაკლებ ისტორიული, პირველი სკოლის წინ „ვენდისის“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ორი წლის წინ დაწყებული მშენებლობა ერთადერთხელ გახდა აქციის მიზეზი, ისიც მხოლოდ იმ მოტივით, რომ შენობას მიწისქვეშა პარკირება ჰქონოდა. ამის გარდა მისი მშენებლობის წინააღმდეგ შენიშვნა არ გამოუთქვამს. ახალ კი, როგორც კულუარებში საუბრობენ, ქალაქის ცენტრში სწრაფი კვების ნომერ პირველი ქსელის გამოჩენით „ვენდისი“ ბიზნესკონკურენციის წინაშე დადგა, რაც კონკურენტის წინააღმდეგ აქციების დაწყების მნიშვნელოვან მიზეზად მიაჩნიათ.
ძნელია იმის მტკიცება რამდენად აქვს არსებობის უფლება ამ მოსაზრებას, თუმცა ფაქტია, რომ ქალაქის იერ-სახის თემამ უფრო ერთსულოვანი გახადა ქალაქი, ვიდრე მისმა საპარლამენტო სტატუსმა. ბოლო დროს გაჟღერებულ ინფორმაციას პარლამენტის თბილისში დაბრუნების შესახებ არავითარი გამოხმაურება არ მოყოლია ქუთაისში, არც პარლამენტის დარჩენის მოთხოვნით მოწყობილი აქციები გამოირჩეოდა მასშტაბურობით. ამიტომ, როგორც ქალაქში აცხადებენ, იხსნება ის, რაც მოთხოვნადია და რომ მუზეუმს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მნახველი არც ახალ შენობაში გადაყვება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი