|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„არ არის ადვილი, ფეხმძიმე ქალს საფეთქელზე, თუნდაც სათამაშო იარაღი მიადებინო“-ლია უკლება

ბავშვობის  საოცნებო პროფესიაში, ძალები წლების შემდეგ, მეგობრების დაჟინებული თხოვნით მოსინჯა. ამბობს, რომ ფემინიზმი მასში დაუგეგმავად,  დაგროვებული პრობლემების გამო შეიჭრა და მისთვის პრო­ფე­სი­უ­ლი თვით­გა­მო­ხატ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სივ­რ­ცე შექ­მ­ნა.

მხატვარი ლია უკლება ადამიანთა უფლებებს ნახატებით გადმოსცემს და ცდილობს, მნახველებს ნახატის აღქმის თავიანთი შესაძლებლობა მისცეს. საზოგადოების არაერთგვაროვანმა დამოკიდებულებამ მიახვედრა, რომ არ არსებობს ერთი სიმართლე, ყველასთვის ის არის სწორი, რასაც თავად თვლის სწორად, თუმცა ამბობს, რომ ვერასდროს გაუგებს სიძულვილის ენით მოლაპარაკე და მოქმედ ადამიანებს.

ერთი შეხედვით მშვიდი ინტერვიუს მიღმა არ იყო ძნელი იმის დანახვა, რა გზა გაიარა მან ღვთისმშობლის იარაღით ხელში დახატვიდან საზოგადოების მიერ მის წინააღმდეგ „მომართულ იარაღამდე“. 

„არც ისე დიდი ხანია, რაც ხელოვნება გახდა ჩემი მთავარი საქმე, 7 წელია აქტიურად ვიღებ მონაწილეობას გამოფენებში. არ მიფიქრია, ფემინიზმი ისე  იქცა ჩემს მთავარ მიმართულებად, ასე გავხდი როგორც ქალთა, ასევე უმცირესობათა უფლებადამცველი.  ეს არ მომხდარა გამიზნულად. გარკვეული პერიოდის შემდეგ შევნიშნე, რომ ამ პრობლემებით სავსე ნამუშევრები დამიგროვდა.  რაც შინაგანად მაწუხებდა, ის გამოვიტანე გარეთ“, -განაცხადა ლია უკლებამ.

ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“, მისი ერთ-ერთი გახმაურებული ნამუშევარია.

„ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ - ნახატი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა. მეკითხებოდნენ რამ მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დამეხატა,  რა ვიფიქრე, რა კონცეფცია მქონდა. ბევრი შეფასება მოვისმინე, საზოგადოების ნაწილმა დაინახა ის მესიჯები, რაც მქონდა, ნაწილმა ვერა. რასაც დაინახავს ადამიანი, ის არის მისთვის სწორი, რადგან ადამიანს როგორც ესმის, ისე ესმის და ვერ შეცვლი, მაგრამ თუ ამ ნამუშევრის შემდეგ ვინმემ კრიტიკულად შეხედა თავის შეხედულებებს, ეს ჩემთვის სასიამოვნოა.

ბევრი შეფასება მოვისმინე, ერთმა მითხრა, რომ ამ ნამუშევარში დაინახა მარტოხელა დედის განცდა, თუ რამდენად მტკივნეულია მარტოხელა დედობა. მე ამაზე არ მიფიქრია.

არავის გაღიზიანება არ მინდოდა, არ მიფიქრია, მოდი ვინმეს რელიგიურ გრძნობებს შეურაცვხყოფ.  ვინც მიცნობს ყველამ იცის, ეს გათვლა არ მქონია,ყველაფერი არის სიყვარულით და ტკივილით გამოწვეული.

ჩემთვის ადვილი არ იყო ის რეაქცია რაც მოყვა.  ხელს რომ  წამომკრავენ და მლანძღავენ, ორი შვილი მყავს და ვიცი რას ნიშნავს ფეხმძიმე ადამიანმა შუბლზე იარაღი მიიდოს.  მთელი ამ ექვსი თვის მანძილზე რაც ვხატავდი,  ჩემს თავზე განვიცდიდი ყველაფერს,  რას განიცდიდა ღვთისმშობელი,თუნდაც  სათამაშო იარაღი მიედო შუბლზე.  თუ ემოცია გაქვს, სხვაგვარად ვერ იქნები,   მტკივნეული იყო ამაზე მუშაობა.  შორიდან ძალიან  ადვილია სხვის გაკრიტიკება, როდესაც არ იცი რეალურად რა მოხდა. დედა ვარ, მეორე შვილზე ცუდად ვიყავი, საბედნიეროდ ორივე გადავრჩით  და  ქალს რომელსაც ეს აქვს გამოცდილი, არაა ადვილი მეორე ქალს, საფეთქელზე მიადებინოს იარაღი, მაგრამ რაღაცნაირად ეს მოვახერხე.  დღემდე  მიჭირს ამ ნახატის  შეხედვა ჩემი ემოციების გამო“-განაცხადა ლია უკლებამ.

„ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“-ერთადერთი ქართული ნამუშევარია, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში ტუნისში გამართულ ფესტივალზე მოხვდა. ლია უკლება ფემინისტურ ფესტივალში „ქალთა ფონდისა“ და  „ამერიკის გლობალური ქალთა ფონდის“ მხარადჭერით მონაწილეობდა.

საერთაშორისო ფესტივალი მესამე წელია ტარდება. მასში  56 ქვეყნის 200-ზე მეტი მონაწილე იყო.

„ფესტივალზე დიდი სიხარულით წავედი, მადლობა ჩემს მხარდამჭერებს. ნახატი კონკურსის გზით შეირჩა და ერთადერთი ქართული ნაშრომი იყო.  მონაწილეობდნენ  მხატვრები, მუსიკოსები, ფოტოგრაფები, რეჟისორები, მსახიობები. მრავალი საინტერესო ფემინისტური ნაშრომი იყო წარმოდგენილი.

ვინაიდან  თემა იყო ფემინიზმი, ნაშრომები იყო უმცირესობებზე, სექსუალურ თავისუფლებაზე, სოციალური რელიგიური თემატიკაზე,  ქალთა ჩაგვრაზე. ქვეყნებს შორის განსხვავებას რაც შეეხება, მეგონა ჩვენი ქვეყანა იყო ღარიბი, მაგრამ წარმოუდგენელი სიღარიბე დამხვდა, ისეთი ჰომოფობიური გარემო იყო, გაოცებული ვარ, როგორ გაბედეს ორგანიზატორებმა  ასეთი თავისუფალი ფესტივალის ჩატარება. იყო საშიშროება,  მაგრამ მიუხედავად ღია კარისა, არავინ შემოსულა, არც დაინტერესებულან, რა ხდებოდა. არ ვიცი რა იყო მიზეზი, არ აინტერესებდათ, თუ ფიქრობდნენ, რომ მათი საქმე არაა.  მინდოდა სხვადასხვა ქვეყნის ტენდენციები მენახა, გამეგო, სად რა პრობლემაა, დამუხტული ჩამოვედი, ახალი იდეებით.  ბევრი გეგმა მაქვს, იმდენი ემოცია დამიგროვდა, რომ იმედი მაქვს, განვახორცილებ და ფინანსებსაც მოვიძიებ“, -განაცხადა ლია უკლებამ.

მხატვარი ასევე მუშაობს სთრით არზე, მისი ნახატი რამდენიმე ქალაქშია, თუმცა გასულ წელს წყალტუბოში მისი დაუსრულებელი ნახატი გადაღებეს. მიზეზებზე საუბარი უჭირს, თუმცა კულუარული ინფორმაციით, არ სურდათ მისი ნახატი ყოფილიყო მათ ქალაქში.

„არ ვიცი, რატომ გადაღებეს, მაგრამ არაოფიციალურად ვიცი, რომ არ უნდოდათ ჩემი ნახატი ყოფილიყო. არ იყო რაიმე განსაკუთრებული, რომ მისით გაღიზიანებულიყვნენ, მაგრამ ასე მოხდა. აქვე მინდა იმ ტენდენციას შევეხო, რაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებობს. ხშირად მედია ისეთი კუთხით წარმოაჩენს ადამიანს, რომ გაცილებით დიდი ზიანს აყენებს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც იმუქრებიან. მედიას აქვს დიდი ძალა, შეცვალოს მდგომარეობა, მაგრამ საქართველოში, უმეტეს შემთხვევაში, უარყოფითი მხრიდან გაშუქება ხდება“.

შეკვეთით ვერ მუშაობს, რადგან ამბობს, რომ ამ დროს ვერ გადმოსცემს ემოციას. ურჩევნია, მხოლოდ საკუთარი შთაგონებით შეასრულოს ნახატი.  მათი გაყიდვა შემდგომ უჭირს.

ლია უკლება მომავალი წლისთვის ექსპოზიციის მოწყობას გეგმავს. ფემინიზმი მის შემოქმედებაში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს, რადგან მისი თქმით, ამ კუთხით ქვეყანაში პრობლემები არსებობს. თვლის, რომ ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა