"არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლო ბიზნესმენების უკმაყოფილების მიზეზი ხდება"
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ და ანალიზმა აჩვენა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რიგ შემთხვევებში, არაპროპორციულად მაღალია. პირგასამტეხლოს ოდენობა იწვევს ბიზნესმენების სამართლიან უკმაყოფილებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათი მხრიდან ტენდერებში მონაწილეობის ინტერესს, ეს კი უარყოფითად მოქმედებს ტენდერებში კონკურენციის დონეზე.
სააგენტოს ცნობით, საგულისხმოა, რომ სასამართლო, ხშირ შემთხვევებში, იზიარებს მიმწოდებლების მოთხოვნებს პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე და არაპროპორციულად მაღალ პირგასამტეხლოს ამცირებს გონივრულ ოდენობამდე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებს, ინდივიდუალურად მიუდგნენ თითოეულ შემთხვევას და პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს, უცილობლად გაითვალისწინონ პროპორციულობის პრინციპი. ამასთან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ბიზნესმენებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისას, იხელმძღვანელონ სააგენტოს თანდართული რეკომენდაციით”.
სტატისტიკური მაჩვენებლების, ანალიტიკური კვლევებისა და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს შემდეგ რეკომენდაციას.
შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით;
ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით;
ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი