აღარ ვაპირებ უკანონო დავალებების შესრულებას - პოლიციელი რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებს
აღარ ვაპირებს უკანონო დავალებების შესრულებას, - ამის შესახებ მოქმედმა პოლიციელმა ზურაბ ხმელიძემ "მთავარ არხთან" განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ფაქტორი, რამაც პოლიციის მოქმედ კაპიტანს რადიკალური ნაბიჯის გადადგმა გადააწყვეტინა, რიონის ხეობაში განვითარებული პროცესებია.
სამმართველოს უფროსი დეტექტივი პირდაპირ აცხადებს, რომ დავალებები, რომელსაც სამართალდამცველები ზემდგომებისგან იღებენ, დისკრიმინაციული და უკანონოა.
"მე მინდა გავაკეთო განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ, რაც ხდება ნამოხვანში. სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, ქალბატონ მაკა სულაძეს და იქ მდგომ თითოეულ ადამიანს, რომლებსაც უკანონოდ ელახებათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აქვთ თავიანთ სახლში გადაადგილების საშუალება. პოლიციის მიერ, ანუ, ჩემს მიერაც, მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ რეალურად იქით, აქვთ სახლები და ჰყავთ შვილები, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ძაან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზეც, ნამუსზეც. როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა თუნდაც ქვეყნისთვის და შენ ამას უზღუდავ.., - ამბობს ხმელიძე.
მისივე თქმით, "უპირველესი დავალება არის ის, რომ ის ადამიანები, ვინც არიან მომიტინგეები, არ უნდა მოხვდნენ არანაირად ზღურბლს იქით".
ზურაბ ხმელიძე ამბობს იმასაც, რომ გუნდში მის აზრზე არაერთი სამართალდამცველია და სამსახურის დატოვებისკენ მათაც მოუწოდებს.
ხმელიძე პოლიციის მოწმობას უწყებაში ფოსტით გაგზავნის.
ავტორი: ნიუპრესი