|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, ომის პარტიას ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში ვხედავთ - სალომე ზურაბიშვილი

არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში,  ომის პარტიას ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან  აქცენტი ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული გზის მნიშვნელობაზე გააკეთა. 

მან უპასუხა "ქართული ოცნების" წევრების რუსულ პროპაგანდას და განაცხადა, რომ ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის.

"მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და საგარეო კურსის გარანტი, ვხედავ ჩემს პასუხისმგებლობას ამ გამოსავლის პოვნაში. გამოსავალი არსებობს და ჩვენს თვალწინ ნათლად ჩანს, და რა არის ეს გამოსავალი:
პირველ რიგში, ჩვენი ევროპული გზის გადარჩენა ამ გამოსავლის ქვაკუთხედია. დღეს, როდესაც რუსეთის აჩრდილი თავს გვადგას, ევროპასთან და ამერიკასთან პარტნიორობა და დაახლოება ჩვენი დამოუკიდებლობის, მშვიდობის შენარჩუნების და გაძლიერების ჭეშმარიტი გზაა. ის, ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს, ის ფეხქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალს, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილ წევრად ქცევის გზას. ევროპული კავშირი არის თავისუფლების სივრცე, სადაც არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ხალხის ნების გარეშე. ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების. ეს არის ადგილი, სადაც დაცულია თუნდაც ყველაზე პატარა ერი, მისი ენა, სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიცია. ეს არის კავშირი, სადაც დაცულია ადამიანი, ოჯახი, მისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, მისი პირადი ცხოვრება, მისი ღირსეული სიბერე, სადაც დაცულია მისი ყველა უფლება. ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის.  ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის. არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ მისი დაარსებიდან. სამაგიეროდ, რეალური ომის პარტია ერთია და მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ, რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის თავის განვითარება. ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად," - განაცხადა პრეზიდენტმა.

ავტორი: ნიუპრესი