"არჩევნების დღეს "შავი ფულის" დატრიალებამ ლარის დევალვაცია გამოიწვია" -გიორგი უკლება
„ენმ“-სა და ქუთაისის საკრებულოს წევრი გიორგი უკლება ლარის დევალვაციას მმართველი პარტიის მიერ არჩევნების დღეს დახარჯულ თანხებს უკავშირებს. უკლებას თქმით, 21 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ გარდა დეკლარირებული თანხისა, "შავი ფულიც" გამოიყენა.
„არჩევნებზე მხოლოდ ქუთაისში მილიონობით ლარი დაიხარჯა. „ქართული ოცნება“ ერთ საარჩევნო ხმაში 50 ლარს იხდიდა, პლიუს ამას, ჩემი აზრით, ნაყიდი ჰყავდათ საუბნო კომისიების დიდი ნაწილი, არჩევნები თავიდან ბოლომდე იყო კორუმპირებული, ჭარბი ლარი გამოვიდა ბაზარზე. არჩევნების დღეს შავი ფულის დატრიალებამ ლარის დევალვაცია გამოიწვია. მთელი საქართველოს მასშტაბით, 21 ოქტომბერს, ალბათ, რამდენიმე მილიონი დაიხარჯა. გარდა დეკლარირებული მილიონებისა, შავი ფული დაიხარჯა. ზუსტად ამ ჭარბი ლარების გამოდინებამ გამოიწვია ლარის დევალვაცია, რის გამოც არჩევნების მეორე დღესვე მოხდა ლარის ვარდნა. “, -განაცხადა უკლებამ "ნიუპრესთან" საუბარში.
მისი თქმით, რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს ფულის "ქეშად" გაცემა, ასევე არჩევნების დღესვე ხდებოდა ფულის გადაცემა.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურმა პარტიებმა 13 მნლ ლარამდე შემოწირულობა მიიღეს, აქედან ყველაზე მეტი 12 მლნ-მდე თანხა "ქართული ოცნების" ანგარიშზე მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში ლარის კურსი მკვეთრად დაეცა
ავტორი: ხატია ბანძელაძე