|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩევნების მეორე ტური - "რეფერენდუმი ქუთაისისათვის"

8 ოქტომბერს საქართველოში მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნები გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია მოხვდა, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა. წინ მეორე  ტურია,  რომელსაც, ქუთაისისათვის მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით,  უკვე უწოდეს „რეფერენდუმი“.

ასეთი დღის წესრიგი ქუთაისელ ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შესთავაზეს. მათი მტკიცებით, მათი  არჩევით  ქუთაისი არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ პარლამენტის ქუთაისში დარჩენას გამოუცხადებს მხარდაჭერას.

წამგებიან  პოზიციაში დარჩენა არ სურს „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატებსაც, რომლებიც პარალელურ რეჟიმში ამტკიცებენ, რომ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა არ მოხდება.

ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიის 129 საარჩევნო უბნის მიხედვით, 8 ოქტომბერს  161 709 ამომრჩეველიდან  თავისი არჩევანი  68 000-მა  დააფიქსირა, რაც საერთო მონაცემების 42,9%-იყო.  30 ოქტომბერს განმეორებითი არჩევანის  გაკეთება მოუწევთ ქვეყნის 50 მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის ქუთაისის სამივე მაჟორიტარულ ოლქშიც. ამჯერად ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის მოუწევს.

ქუთაისის სამი მანდატის მოსაპოვებლად  მაჟორიტარი დეპუტატობის 34 კანდიდატი დარეგისტრირდა, თუმცა  ბოლო მომენტში, არჩევნებს „გირჩის“ წარმომადგენელი  თემურ ცამციშვილი გამოეთიშა.  რეგისტრირებული კანდიდატებიდან  ცხრა ქალი,  ამათგან ერთი შშმ პირი იყო.

  არჩევნები  საპარლამენტო ქალაქში დღის განმავლობაში  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. დღის განმავლობაში საოლქო კომისიამ რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია უბნებზე არსებულ მდგომარეობასა  და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

#59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის არჩევნებზე ამომრჩევლთა აქტივობა აღემატებოდა  საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა 2012 წლის არჩევნვების მონაცემებს.

ქუთაისში მისცეს ხმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ნაწილმა. „ქუთაისელ ამომრჩეველთა“ შორის  არ იყვნენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: კობა ნარჩემაშვილი და დიმიტრი მხეიძე, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: აკაკი ბობოხიძე და გიგი წერეთელი.

 წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ქუთაისში მისცა ხმა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. როგორც მან საარჩევნო უბანზე განაცხადა, ხმა მისცა „ქვეყნის სწრაფ განვითარებას“.

მშვიდად ჩატარებული საარჩევნო დღისგან განსხვავებით, ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია ხმების დათვლის პროცესს. #90–ე საარჩევნო უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს შორის. უბანზე იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი, ასევე „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარე და იმერეთის ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია. მომხდარის გამო მეორე დღეს პოლიციაში დაიკითხნენ ჟურნალისტები, რომელთა მიერაც მოგვიანებით ქუთაისში აქცია სახელწოდებით „მოგვეცით მუშაობის უფლება“ გაიმართა.  ჟურნალისტები საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჯერჯერობით ახალი დეტალები ცნობილი არ გამხდარა.

90–ე უბანზე მომხდარი ფაქტის არა, თუმცა დღის განმავლობაში უბნებზე მომხდარი დარღვევების შესწავლა მოუხდა საოლქო კომისიას, სადაც პირველ ჯერზე 28 საჩივარი შევიდა, რომელიც 21 საჩივრად გადაიწერა, თუმცა კომისიის მიერ არცერთ საუბნო კომისიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. დარღვევევი ძირითადად  პროცედურული ხასიათის იყო.

 სასამართლოსთვის მიმართვას აპირებდა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ბოლო მომენტში  გადაწყვეტილება შეცვალეს. მათი მოთხოვნა ბათილი ბიულეტენების გადათვლას უკავშირდებოდა, რომელზეც საოლქო კომისიამ უარი განაცხადა.  

#59–ე საოლქო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გია ულებას განცხადებით,  ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ ქუთაისში ყველა არჩევნების რეკორდი მოხსნა.

 „ჩვენ ვითხოვთ მარტივ რამეს, მხოლოდ ბათილი ბიულეტენების ხელმეორედ გადათვლას. ძალიან ბევრია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.  ქუთაისში,  სამივე ოლქში მათი რაოდენობა 5 ათასამდეა. ესაა ძალიან დიდი რიცხვი, რომელმაც ყველა არჩევნების რეკორდი მოხსნა ქუთაისში“.

 

 

პირველი ტურის შედეგები შეაფასა  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  #49–ე ოლქში გიგი წერეთელმა. მისი  განცხადებით,  მის ოლქში 1 000-ზე მეტი  ბიულეტენი გაბათილდა. „არჩევნებზე მმართველი ძალის მიერ ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული, კრიმინალური ავტორიტეტები, დაშინება, მოსყიდვა, მერიის დახმარებებით, რაც  ბოლო დღემდე გაგრძელდა, ასევე იყო მიჭრები უბნებზე.  1000-ზე  მეტი ხმა არის გაბათილებული ჩემს სამაჟორიტარო ოლქში და სავარაუდოდ, ამ ბიულეტენების უმეტესობა ჩემი ხმა იყო“, -განაცხადა წერეთელმა.

გაბათილებულ  ბიულეტენებზე წუხს ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კობა ნარჩემაშვილი. მისი განცხადებით, გაბათილებული ბიულეტენები მისი ხმები იყო, რის გამოც მას 5% დააკლდა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მეორე ტურში მონაწილეობაზე  უარის შესაძლებლობაზე გააკეთეს განაცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა აკაკი ბობოხიძემ და გია თევდორაძემ. მათი თქმით, თუ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მხარს დაუჭერენ პარლამენტის ქუთაისში დარჩენას, ისინი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს იტყოდნენ.

„მივხვდით, რომ ჩვენს განცხადებას, თუ იმერეთის 11 დეპუტატი მხარს დაუჭერდა პარლამენტის ქუათაისში დარჩენას, ჩვენ მეორე ტურში არ ვიბრძოლებდით, აზრი არ აქვს. ვინაიდან გუშინ მოვისმინეთ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბუნდოვანი განცხადება, რაც არაფერს ცვლის. მათი განცხადება არაა მთავარი და ვიცით, რომ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს, რომლის გადაწყვეტილებაც კარგადაა ცნობილი. კობა ნარჩემაშვილმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხი დღის წესრგიში არ დგას. დღის წესრიგშიც დგას და მხოლოდ კენჭისყრაღა დარჩა", -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პარლამენტის ქუთაისში დარჩენას მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. კობა ნარჩემაშვილმა, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც არაერთხელ გააჟღერა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი, ასევე ირწმუნება, რომ მმართველ გუნდში პარლამენტის გადატანა არ განიხილება. საკითხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ იმერეთის სხვა  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც.

არჩევნების მეორე ტურს  "რეფერენდუმი" უწოდა გიგი წერეთელმა. მისი განმარტებით, არჩევანი ამჯერზე მხოლოდ ქუთაისელებზეა, მათ უნდა გადაწყვიტონ დაუჭირონ, თუ არა მხარი ქუთაისში პარლამენტის დარჩენას.

„ეს არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები, არამედ რეფერენდუმია, ქუთაისმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქუთაისში პარლამენტი“,–განაცხადა გიგი წერეთელმა.

რეფერენდუმად წოდებული არჩევნების მეორე ტურის შედეგი 31 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ამომრჩეველთა ნებაზეა დამოკიდებული, რომელი პარტია რამდენ მანდატს მიიღებს, ექნება თუ არა მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა  და სად იქნება პარლამენტი.

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი