|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არის თუ არა პაციენტების განაწილების კორუფციული სქემა ქუთაისში? (AUDIO)

ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტების განაწილების კორუფციული სქემა. სამედიცინო დაწესებულებები სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ გარკვეული დაწესებულებების ლობირებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, სასწრაფო დახმარების ცენტრი და კლინიკები შეთანხმებულად მოქმედებენ. მათივე თქმით, პაციენტები მხოლოდ შერჩეულ კლინიკებში მიყავთ და არ ხდება კლინიკის ტერიტორიული ადგილმდებარეობით არჩევა.  „ნიუპრესი“ დაინტერესდა, არის თუ არა ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში მსგავსი პრობლემები.

კორუფციულ სქემაზე  ხშირად საუბრობდა  პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია. მისი შეფასებით, ქუთაისის სასწრაფო იძულებულია უპირატესობა მიანიჭოს "ევექსის" კლინიკას. 

"ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარება, "ევექსის" კლინიკას ანიჭებს უპირატესობას. ეს არის მონოპოლია და ქალაქში არაკონკურენტუნარიან გარემოს  შექმნას უწყობს ხელს. ეს ნამდვილად არ არის სასწრაფოს თანამშრომლების დანაშაული. ზეწოლა მოდის თბილისიდან. ქუთაისში სასწრაფოს თანამშრომლები,  შეიძლება ითქვას კაპიკებზე მუშაობენ  ესეც სამარცხვინოა, რომ თბილისში ექიმებს 1000–1500 ლარი აქვთ ხელფასი, ქუთაისში კი 400–500 ლარი. ეს არის ცენტრალური ხელისუფლებიდან მარაზმი",–აცხადებს წულაია.

(აუდიო)

სასწრაფო სამედიცინო  დახმარების მიმართ, ასევე  უკმაყოფილებას გამოთქვამს ქუთაისში არსებული რამდენიმე კლინიკა.  მათი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც  დღის განმავლობაში სასწრაფო დახმარების სამსახურს ერთი პაციენტიც არ შემოყავს.

კლინიკა „ბომონდის“ ხარისხის მართვის მენეჯერის, ფატმან როგავას განცხადებით, ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან  კვირაში, საშუალოდ 10 პაციენტს იღებენ.

(აუდიო)

 

ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობს ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ მამასახლისი. მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას თვეში 230–მდე პაციენტი გადმოყავს.

"თვეში, საშუალოდ 200 დან 230–მდე პაციენტი მოყავთ, აქედან დაახლოებით დღეში 7–8 პაციენტი გამოდის, რაც მუშაობის 25% შეადგენს, ჩემს კლინიკაში გაცილებით მეტის  გაკეთება შეგვიძლია"

(აუდიო)

 

„კლინიკა–ლჯ“–ის ხელმძღვანელის ზაზა ლომინაძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების მხრიდან ხდება პაციენტების გადმოყვანა, თუმცა არსებობს  პრობლემები. 

"სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მოყავს ჩვენთან პაციენტები, თუმცა არსებობს პრობლემები, რაც არაერთხელ გვითქვამს ხელმძღვანელობისთვის. პირველი პრობლემა არის ის, რომ პაციენტის სურვილს ხშირად ვერ აკმაყოფილებს სასწრაფოს ეკიპაჟი და მიუხედავად მათი სურვილისა, არ მიყავთ იმ დაწესებულებაში, რომელსაც პაციენტი ითხოვს. მეორე ეს არის ტერიტორია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც კლინიკასთან ახლოს გამხდარა პაციენტი ცუდად და ის რატომღაც სხვა კლინიკაში გადაუყვანიათ",–აცხადებს ლომინაძე.

(აუდიო)

 სასწრაფო დახმარების მიმართ პრეტენზიები არ აქვს კლინიკა „მედიქალ სითის“. მათი თქმით, ისინი ამ მიმართულებით არ მუშაობენ. 

„ჩვენ გარკვეული სეგმენტის პაციენტებს ვემსახურებით, ამიტომ ჩვენთან პაციენტები გააზრებულად მოდიან, არ არის გადაუდებელი მომსახურების სერვისი გააქტიურებული, ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ და ამიტომ, რამე პრეტენზიას ვერ გამოვთქვათ, თუ აუცილებლობა მოითხოვს, მოყავს სასწრაფოს პაციენტი, მაგრამ ეს მასობრივად არ ხდება, ამ ეტაპზე წყენას ვერ გამოვხატავთ ამ მიმართულებით“. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის  ქუთაისის რაიონული სამსახურის მენეჯერი მაია რუხაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს,  რომ ქუთაისში  პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ არსებობს. მისივე თქმით, მათ პაციენტები კლინიკებში ტერიტორიისა და რიგითობის გათვალისწინებით გადაჰყავთ.

„ჩვენთან პაციენტების გადანაწილება ხდება პროფილის, ტერიტორიის, პაციენტის სიმძიმის და რიგითობის გათვალისწინებით. ქუთაისში უკვე ბევრი კლინიკაა მრავალპროფილიანი, რომლებსაც სხვადასხვა სერვისის უზრუნველყოფა შეუძლიათ. რაც შეეხება გოგი წულაიას ბრალდებებს, ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, ვინაიდან ეს უსაფუძვლოა“,–აცხადებს მაია რუხაძე.

 

(აუდიო)

 ჩვენ "ევექსის" კლინიკის პრესსამსახურს რამდენჯერმე დავუკავშირდით, თუმცა მათი პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ქუთაისის სასწრაფო  სამედიცინო დახმარების ცენტრს 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 170–165 გამოძახება აქვს. ქალაქს 10 რეანომობილი ემსახურება.  

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი