არსებული მარშრუტის გაუმჯობესება და ახალი ტვირთების მოზიდვა - რკინიგზის გენერალური დირექტორი ყაზახ კოლეგას შეხვდა
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ დღეს ყაზახ კოლეგას უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვა, კონკურენტუნარიანი ტარიფების შემუშავება, დერეფნის განვითარება და არსებული რეალობის გათვალისწინებით, ახალ გამოწვევებთან გამკლავება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო და ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ფარგლებში (შუა დერეფანი) აქტიურად თანამშრომლობენ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატრანზიტო/სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და არსებული მარშრუტების გასაუმჯობესებლად, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
დღევანდელი მდგომარეობით, უკვე მიმდინარეობს აღნიშნულ დერეფანში გამჭოლ სატარიფო პოლიტიკაზე, ტვირთების დეკლარირებასა და სატრანზიტო ტვირთის კონსოლიდაციის საკითხებზე მუშაობა.
შეხვედრაზე საუბარი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის გამოყენებასაც შეეხო, რომელიც თავის მხრივ, შუა დერეფნის მულტიმოდალურ ტვირთბრუნვას შეუწყობს ხელს.
ავტორი: ნიუპრესი