„ასეთი დაბალი ექსპორტის მაჩვენებელი ბოლო 6 წლის განმავლობაში არ ყოფილა"
„ასეთი დაბალი ექსპორტის მაჩვენებელი არ ყოფილა ბოლო 6 წლის განმავლობაში. იმპორტი ჭარბობს, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის“ -აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა ქუთაისის მედიაცენტრში გამართულ შეხვედრაზე.
დისკუსიაში, რომელშიც მონაწილეობა სამმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო, საარჩევნო პროგრამების ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილზე ისაუბრეს.
დისკუსიაში მონაწილეობა პარტიების „ქართული ოცნება – ერთიანი საქართველოს“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, "თავისუფალი დემოკრატებისა" წარმომადგენლებმა მიიღეს, მიწვევის მიუხედავად შეხვედრაზე არ გამოჩენილან "სახელმწიფო ხალხისათვის" წევრები. დისკუსია, რომელშიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში მოეწყო.
პროექტის ფარგლებში ასევე შექმნილია ვებ–გვერდი http://www.econpolicyfact.ge, რომელზეც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების სოციალურ–ეკონომიკურ პროგრამებია წარმოდგენილი. თუმცა, როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, მათი სერვისით მხოლოდ ოთხმა პარტიამ ისარგებლა, შესაბამისად დისკუსიაშიც ამ პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
"თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია შეხვედრაზე წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი ჩეჩელაშვილმა წარმოადგინა. ჩეჩელაშვილის თქმით, ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა ქვეყანას შედეგს ვერ მისცემს, მისი თქმით, რეალური შედეგისათვის საჭიროა 7 პროცენტიანი ზრდა. მან ბიზნესისათვის მეტი თავისუფლების მიცემის, მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისათვის საგადასახადო შეღავათები გატარების და საგადასახადო კოდექსიდან ბუნდოვანი მუხლების ამოღების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ასევე საფინანსო პოლიციის გაუქმება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის ხელშეწყობა მოხდება.
„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის შესახებ საპარლამენტო სიის მეთერთმეტე ნომერმა, კახა კუჭავამ ისაუბრა. მისი თქმით, მათი მთავარი პრინციპია თავისუფალი ბაზარი, მიმზიდველი საგადასახადო გარემო. მან უკვე მიღწეულზეც გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ბიზნესის კეთების თავისუფლების კუთხით საქართველო მეხუთე ადგილზე გავიდა და ამით გადაუსწრო აშშ-ს და სხვა წარმატებულ ქვეყნებს".
45 ათასს ახალ სამუშაო ადგილზე, 50 ლარით გაზრდილ პენსიაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ამირან ძოწენიძემ ისაუბრა. „იაფი კრედიტის გაუქმების ხარჯზე ჩვენ გამოვათავისუფლებთ ასობით მილიონ ლარს ბიზნესისათვის“,-აღნიშნა მან.
ჯანდაცვის და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ძოწენიძემ განაცხადა, რომ უფასო სამედიცინო სერვისი მხოლოდ სოციალურად დაუცველებისათვის დარჩება.
ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით პოზიცია მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დააფიქსირა. ""ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ქუთაისში სრულად ამოქმედება პარლამენტი. ახლა კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაც კი მოუვლელია, ამ დრომდე გაუტანელია 2012 წლის სამშენებლო ნარჩენები“,-განაცხადა ამირად ძოწენიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი, "თავისუფალი დემოკრატებიდან" გია გუმბერიძე, და "საქართველოდან" მანანა სტურუა.
პროექტი ამომრჩევლის ინფორმირებულობას, ასევე რეგიონებში პოლიტიკური დისკუსიის კულტურის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
ავტორი: ირინა მაკარიძე