|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშშ-ის არჩევნები და ლარი - თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მეტი პროტექციონიზმი და, როგორც ჩანს, ფისკალური დეფიციტი მაღალი საპროცენტო განაკვეთების არხით ვალუტაზე მართლაც გამყარების მიმართულებით მოქმედებს. ამასთან, უკვე კონფლიქტების დეესკალაციის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დოლარის, როგორც ჯერ კიდევ დომინანტი სარეზერვო და უსაფრთხო ვალუტის როლი, რაც მოვლენათა ასეთი განვითარებისას მის დასუსტებას იწვევს. ისევე, როგორც უფრო საშუალოვადიან პერსპექტივაში, დიდი ოდენობით სახელმწიფო ვალი ამავე მიმართულებით მოქმედებს.

 

სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში დოლარის კურსზე წინასაარჩევნო გამოკითხვებს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა. სადღეისოდ კი, ბუნებრივია, ბაზრები მოლოდინის რეჟიმშია. ამ კუთხით, საინტერესო პარალელია, რომ, როგორც ცნობილია, საქართველოში კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ არჩევნებამდე განხორციელდა დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შესყიდვა და ამ სენტიმენტების ცვლილება ლარზე უკვე გამყარების ზეწოლას შექმნის. თიბისი კაპიტალის დაკვირვებით, სადღეისოდ, ჯერჯერობით საპირისპირო ქცევა არ იკვეთება, თუმცა ვალუტის დამატებით შესყიდვასაც აღარ აქვს ადგილი. შესაბამისად, როგორც ჩანს, გაუფასურების მოლოდინები არსებითად შემცირებულია და სენტიმენტები შედარებით უფრო ნეიტრალურისკენაა გადახრილი.

 

რაოდენობრივ შეფასებას რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ეს ე.წ. უცხოური ვალუტის დაგროვილი ბუფერები მართალია სებ-ის საერთაშორისო რეზერვების თანაბარზომიერი არაა, თუმცა არც მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარზე და ევროზეა საუბარი. ამდენად, მიმდინარე პერიოდში სწორედ ეს ფაქტორი არის ყველაზე მეტად მატერიალური.

თავად აშშ-ის არჩევნების კუთხით, თავისთავად, არაერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი. საკუთრივ, ბუნებრივია, აშშ დოლარის გამყარება ლარისთვის ნეგატივია.

 

ასევე, მართალია ნავთობის ფასების შესაძლო შემცირება საქართველოში იმპორტისა და ფასების კლებაში აისახება, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკური პარტნიორების შემოსავლები საქართველოს ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილებისა და ინვესტიციების მხრივ. ეჭვგარეშეა, რომ კონფლიქტების დეესკალაცია პოზიტივია, თუმცა მაკროეკონომიკური კუთხით მიგრაციის ეფექტიც საყურადღებოა, ისევე, როგორც ასეთ შემთხვევაში ევროს სავარაუდო გამყარება, რაც ისტორიულად საქართველოსათვის უფრო პოზიტიურ დროს ხდება.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი