|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშშ-ს შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას დიდი ბრიტანეთი გეგმავს

აშშ-ს შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას დიდი ბრიტანეთი გეგმავს. ერთ დღეში 18-მდე გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, ვინც თემთა პალატაში ბრიტანელი დეპუტატის წარდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა. ბრიტანელ კანონმდებლებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისთვის, რომ ჯეიმს მაკლირის განცხადებას შეუერთდნენ. 

გაერთიანებული სამეფოს სანქციები უმკაცრესია. თუ ივანიშვილის გვარი ინგლისის შავ სიაში მოხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ოლიგარქს გაეყინება აქტივები, ფინანსური სერვისები, რესურსები და ბაზრებზე წვდომა.  

ქართველი ოლიგარქი ათზე მეტ ოფშორულ კომპანიას ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ კუნძულებზე ფლობს, რომლითაც როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოშიც სხვადასხვა კომპანიებს განკარგავს.  მათ შორის, "ქართუ ბანკი" ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიის მიერ იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით "ქართუ ბანკი" საერთაშორისო ტრანზაქციებს ვერ განახორციელებს და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მილიონობით დოლარს დაკარგავს.

 

ბრიტანელი დეპუტატი, ჯეიმს მაკლირი გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს.

დეპუტატმა უკვე დააყენა შუამდგომლობა, რომლითაც ბრიტანეთის პარლამენტს მიმართა:

"პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში; აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილზე და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის; მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას საქართველოსთან და უფრო მჭიდრო კოორდინაციას ევროკავშირის პარტნიორებთან რუსეთის ჩარევის დასაპირისპირებლად; და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას", - წერს დეპუტატი.

 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი