თვითმფრინავის დაუგეგმავი დაშვების მიზეზი ცრუ შეტყობინება გახდა
"25 ოქტომბერს, Wizz Air-ის რეისმა W6 1576 ქუთაისი- ვარშავას მიმართულება შეცვალა ბუქარესტისკენ, რისი მიზეზიც გახდა ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი"- ნათქვამია ავიაკომპანია ვიზეარის განცხადებაში.
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ ეკიპაჟის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით, ავიახომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში.
"ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გამოყვანილი ხომალდიდან. საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცა პოლიციას. უსაფრთხოება Wizz Air-ის უპირველესი პრიორიტეტია. ავიაკომპანია უცხადებს ნულოვან ტოლერანტობას ყველა იმ ქმედებას, რაც საფთხეს უქმნის მგზავრთა და ბორტის წევრების უსაფრთხოებას"-აცხადებს ავიაკომპანია.
არსებული ინფორმაციით, ცრუ ზარი სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა განახორციელა. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, რომლის ინფორმაციით, ცრუ შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე განხორციელდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი