|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისში ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს

ქუთაისში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს. კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ანდრაშ რადოს განცხადებით, მარტიდან გეგმაშია 40-მდე მიმართულების ფრენების აღდგენა, რომელზეც Wizz Air-ი ​პანდემიამდე დაფრინავდა.

“ჩვენ მთავრობასთან დიალოგის მუდმივ რეჟიმში ვართ. ყოველთვის გვაქვს მათთან მოლაპარაკებები. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. მოხარულები ვართ იმით, რომ შეგვიძლია დაბრუნება და ოპერირების განახლება. ოპერირების განახლებას მარტში ვგეგმავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც იმ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის იმოქმედებს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“,- ამბობს ანდრაშ რადო.

რადო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არც ახალი მიმართულებების დამატებას გამორიცხავს.

„ჩვენ ქუთაისიდან ჩვეულებრივი პირობების დროს დაახლოებით 30-40 მიმართულებით დავფრინავდით. გვსურს, რომ ყველა მიმართულება აღვადგინოთ. და ასევე რამდენიმე ახალიც დავამატოთ. მაგრამ ამაზე საუბარი რელევანტური მარტში იქნება“,- დასძინა ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად საერთთაშორისო ფრენები შეზღუდვებით ხორციელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი