ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლების რეგისტრაცია იწყება
15 აგვისტოდან, ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლების რეგისტრაცია იწყება.
მოზარდების მშობლებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციისთვის შემდეგი ინფორმაციები უნდა განათავსონ:
ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის სხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.
ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.
სოციალური დახმარება ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველბებს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; „ლიბერთიბანკის“ ფილიალებს
ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505.
რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge
ავტორი: ნიუპრესი