|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ტორპედო კვლავ ახალ მეპატონეს ელოდება - გიორგი შენგელია

იტალიელ ინვესტორთან დაკავშირებული ბურუსითმოცული ისტორიის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" კვლავ ახალი მეპატრონის მოლოდინშია. კლუბი ისევ ქალაქის მერიის ბალანსზე და ფინანსური პრობლემების წინაშე რჩება.  კლუბის  წინაშე არსებულ გამოწვევებზე "ტორპედოს" სპორტული დირექტორი, ლეგენდარული რამაზ შენგელიას შვილი გიორგი შენგელია გვესაუბრა.

-"ტორპედომ" ბევრი გადაიტანა, როგორ შეაფასებთ გუნდის მომზადების დონეს?

-ბოლო მატჩი ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარა. სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ მართლაც ძალიან სანახაობრივი და ლამაზი თამაში გამოდგა. ვფიქრობ, ფრეს, მინიმუმ, ვიმსახურებდით.

ბოლო დროს ყველანი ვხედავთ, რომ გუნდმა საგრძნობლად მოუმატა თამაშს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ქუთაისის "ტორპედო" დაიბრუნებს იმ ძველ სახელს და დიდებას, რასაც ასე მიეჩვია ქუთაისის "ტორპედოს"გულშემატკივარი.
 არ შემიძლია, არ ავღნიშნო ჩვენი გულშემატკივრის ფაქტორი, განსაკუთრებით ბოლო თამაშზე - დინამო თბილისთან მე, პირადად, ვიყავი ფეხბურთელი და ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს, როდესაც ამდენი ადამიანი, ასე გულანთებით მხარს გიჭერს. დიდი მადლობა მათ, აგრეთვე სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს და ყველას, ვინც სეზონის დასაწყისიდან დღემდე მოიყვანეს "ტორპედო".

აღსანიშნავია მიხეილ აშვეთიას შრომა, მან ძალიან რთულ სიტუაციაში არ მიატოვა გუნდი და შეძლო და ყველაფრის მიუხედავად, გუნდი შეკრა, მაგრამ მაინც იჩინა თავი პრობლემებმა. წარმატება მინდა ვუსურვო მას უკვე ახალ პოზიციაზე.
-კლუბში დაბრუნდა კახა ჩხეტიანი, ამის შესახებ რას იტყვით?

-კახა ჩხეტიანი გენიალური სპეციალისტია, მადლობა მინდა გადავუხადო, რომ დათანხმდა და დაუდგა გვერდით ტორპედოს. მისი ფაქტორი ძალიან დიდია, ეს უკვე ვნახეთ,  ასეთ რთულ დროს ფეხბურთელებზეც გადავიდა ეს ენერგია. კახა ჩხეტიანი ქუთაისის "ტორპედოში" ძალიან კარგი მომავლის იმედს მიქმნის, მაგრამ რასაკვირველია,  ეს არ არის საკმარისი წარმატებისთვის.  

- სატრანსფერო პერიოდი ახლოვდება,  უნდა ველოდოთ თუ არა ამ მხრივ სიახლეებს?

-დღევანდელ მდგომარეობას, სპორტული კუთხისგან განსხვავებით, სახარბიელოს ნამდვილად ვერ დავარქმევ, ფინანსური პრობლემები კლუბში სეზონის დასაწყისიდან დღითი დღე გაუარესდა. კლუბი ახალ მეპატრონეს ელოდება. კლუბი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავარდება, თუ არ მოხდა ფინანსური დავალიანებების გასწორება.

ვიმედოვნებთ, რომ ქალაქის მერი და ის ადამიანები, ვისაც ამ პროცესის მოგვარება შეუძლია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ კლუბს სასწრაფოდ გამოუჩნდეს ახალი მეპატრონე. აუცილებელია,  დაიწყოს გუნდმა ფიქრი სატრანსფერო პოლიტიკაზე. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, სწორედ ამის შემდეგ გვექნება  საუბარი ჩვენს მთავარ მწვრთნელთან კახაბერ ჩხეტიანთან და მის სამწვრთნელო შტაბთან, შესაბამისად,  მიიღებს კლუბი გადაწყვეტილებას, როგორც თავის მიზნებზე,  ასევე სატრანსფერო პოლიტიკაზე. 

ავტორი: ნიუპრესი