ახალგაზრდული პროექტების დასრულება ჭიანურდება
„საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის“ მენეჯერი ქუთაისში ახალგაზრდული პროექტების სიმცირეზე საუბრობს.
შალვა კამლაძემ საკრებულოს სხდომაზე იმ განუხორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, რაც მერიის ახალგაზრდული განყოფილების მიერ ამ დრომდე არ შესრულდა. მისი თქმით, კონკურსი ახალგაზრდული პროექტებისათვის წლის ბოლოს ცხადდება, რაც მათ შესრულებას აფერხებს.
„პროცედურულად ახალგაზრდული ინიციატივები, რომლებიც არის ჩადებული ბიუჯეტში, გვიან ცხადდება - წლის მიწურულს, პროექტს ჭირდება დრო, აუცილებელია აპლიკაციების მომზადება და განხილვა. შემდეგ შერჩეულები უნდა გავიდეს ტენდერზე. ეს ყველაფერი აგვიანებს განხორციელებას. შარშან ჩავარდა პროექტები, გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა ვერ შედგა ტენდერი“,-განაცხადა კამლაძემ.
მისივე თქმით, მერიაში პასუხობენ, რომ პროექტებზე წელს გამოცხადდება ტენდერები. "ვისმენთ, რომ პროექტები ფინანსდება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან, მაგრამ აპრილის ბოლოა გა ჯერჯერობით ტენდერები არ გამოცხადებულა. მივმართავ საკრებულოს, ჩაერთოს ამ საკითხში, მოახდინონ შესწავლა, რატომღაც ყველაზე "დაბალი ღობე" გამოვედით ახალგაზრდები. არაფერი ხდება ამ მხრივ, აუცილებელია ახალგაზრდების ჩართვა, თუნდაც ქუჩის ხელოვნების განვითარების კუთხით. ასევე გვიახლოვდება ტურისტული სეზონი, უნდა შეიქმნას საინტერესო ტურისტული ადგილები. ვიცით ტოპ ათეული იმ ქვეყნების, რომელთა მოქალაქეები გვსტუმრობენ(პოლონეთი, უკრაინა, ისრაელი) ამიტომ ამის მიხედვით შევქმნათ ახალი ლოკაციები. არსებობს შესაძლებლობა, რომ ტურისტებს გავაცნოთ მათი ქვეყნების წარმომადგენლების ისტორია, რაც დაკავშირებულია ქუთაისთან“, -განაცხადა შალვა კამლაძემ.
პროექტების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ადასტურებენ მერიაში. როგორც მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი თამუნა ნიკოლეიშვილი განმარტავს, გასულ წელს ჯამში 6 პროექტის დაფინანსება გადაწყდა, ერთი უკვე მიმდინარეობს, ნაწილზე ტენდერები გამოცხადებულია, დანარჩენი კი ზაფხულზე ჩატარდება.
"ვერ დავეთანხმები, რომ პროექტები არ შესრულებულა. ერთი პროექტი ახლაც მიმდინარეობს ქუთაისის #10-ე საჯარო სკოლაში, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეებს შშმ პირებთან და მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ვაწვდით ინფორმაციას, სამ პროექტზე ტენდერი გამოცხადებულია და ველოდებით გამარჯვებულს. დანარჩენი პროექტები კი ავტორებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ზაფხულზე ჩავატაროთ, რადგან თავისი იდეით ამ სეზონს შეეფერება. ასე რომ ჩვენ მიერ არ მომხდარა პროექტების შეჩერება, პირიქით, ვცდილობ, ახალგაზრდულ პროექტებს ხელი შევუწყოთ", -განაცხადა თამუნა ნიკოლეიშვილმა.
ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში გასულ წელს 20 000 ლარი გამოიყო, მაგრამ მისი გახარჯვა შარშან არ მოხდა, ამიტომ აღნიშნული თანხა წელს დაიხარჯება.
მსგავსი:
"მქონდა ბედნიერება შევხვედროდი პოპლავსკის ქალიშვილსა და სიძეს"
პოლონეთში "ვეფხისტყაოსნის" თარგმანის კალიგრაფიულად გადაწერა გრძელდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი