ახალგაზრდული პროექტი „შემოიარე საქართველო“
,,შემოიარე საქართველო 2023“ პროექტი, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტი ახორციელებს და ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას სრულიად უფასოდ მიიღონ მონაწილეობა ექსკურსია-ლაშქრობებში დასრულდა.
ახალგაზრდული პროექტი, რომელიც უკვე მერვე წელია წარმატებით ხორციელდება, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მოინახულონ საქართველოს ისტორიული მხარეები და შეიმეცნონ ქართული კულტურა.
გამომდინარე იქიდან, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტი ეთნიკურად მრავალფეროვანია, „შემოიარე საქართველოს” მიზნებში თავიდანვე განისაზღვრა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის დონის გაზრდა.
პროექტი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას თავიანთი უნარები და შესაძლებლობები, თავისუფლად წარმოაჩინონ და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.
პროექტმა ახალგაზრდებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც ადასტურებს მათი შთაბეჭდილებები:
„სტუდენტობის პირველივე კურსიდან აქტიურად ვარ ჩართული გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტში “შემოიარე საქართველო”, რომელიც უნიკალურია თავისი მიზნებითა და აქტივობებით. იგი შესაძლებლობას აძლევს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას იმოგზაუროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გაეცნოს ქვეყნის ტრადიციებს, კულტურულ მრავალფეროვნებას, ჩაერთოს შემეცნებით აქტივობებში და შეიძინონ ახალი მეგობრები.
პროექტი, მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს! როგორც ვიცი მსგავსი პროექტი საქართველოს მასშტაბით თითქმის არცერთ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია“- ნიკა გავაშელი.ძალიან მაგარი იყო, დღემდე სულ მაგაზე ვლაპარაკობ ოჯახში. თბილი გარემო, ახალი მეგობრები - ახალი ისტორიებით და თავგადასავლებით. ეს პროექტი სულ აქტიურად უნდა ტარდებოდეს. სასიხარულო იყო, რომ მოგზაურობამ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები დაგვამეგობრა და ამ მხრივაც გარკვეული ბარიერები გადავლახეთ.“- აიშაფატმა ხიალოვა.
„ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს საქართველოს ყველა კუთხეში მოგზაურობა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება წარმოადგენს. ჩემი ოცნების განხორციელებაში მუნიციპალური პროგრამა “შემოიარე საქართველო” მეხმარება.
ვფიქრობ, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რათა მეტი ადამიანი გაეცნოს საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს და ბუნებას.
ძალიან დიდი მადლობა მსურს გადავუხარო ორგანიზატორებს. რომ არა ეს პროექტი, ვერ დავაგროვებდი იმ უზღვავ ემოციას, რომელიც ამ ულამაზესი ადგილების ნახვისა და ძალიან კარგი ხალხის გაცნობის შემდეგ დამიგროვდა.“-აკაკი კვიციანი.თავის მხრივ ახალგაზრდებში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა -პოპულარიზაცია, ხელს უწყობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისადმი ცნობიერების ამაღლებას.
პროექტში, 2023 წელს 130 ახალგაზრდა ჩაერთო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულებიდან და ჯამში 6 ტური განხორციელდა:
ფშავი (ჯომარდობა) (ერთ დღიანი);
ლაგოდეხი (ორ დღიანი ტური);
ზემო სვანეთი (სამ დღიანი ტური);
რაჭა-ლეჩხუმი (სამ დღიანი ტური);
მტირალა (სამ დღიანი ტური);
ლეჩხუმი - ქუთაისი (ორ დღიანი ტური).
ავტორი: ნიუპრესი